reportiori.ge - ნუცა ბუზალაძე: ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 07:08
ინტერვიუ
ნუცა ბუზალაძე: ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ
11 ივნისი, 2014. 12:32


მომღერალი ნუცა ბუზალაძე კონკურსზე „ახალი ტალღა 2014" საქართველოს სახელით წარსდგება.

ნუცა საქართველომ „ნიჭიერის" მეშვეობით გაიცნო, შემდეგ პროექტ „ერთი-ერთში" მონაწილეობდა, სადაც ფინალისტი გახდა. მომღერალი "რეპორტიორს" იურმალას კონკურსსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 


საქართველოს იურმალაზე წარადგენ, ალბათ ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ხარ . როგორ გაიგე, რომ შენ წარადგენდი საქართველოს იურმალაზე?


ინტერნეტში უნდა დადებულიყო რომელ ქვეყანას ვინ წარადგენდა და დღედაღამ ველოდებოდით, ყოველ წუთს ვნახულობდით, ღამის 4 საათზე დადებულა, მე მეძინა და დეიდამ ნახა, მან ლელა წურწუმიას დაურეკა, ლელამ კი მე დამირეკა და იმის მერე ვეღარც დავიძინე ისეთ ემოციებში ვიყავი, ორი დღე მართლა აღარ მიძინია ისეთ ეიფორიაში და ემოციებში ვიყავი.


ელოდებოდი შენ რომ აგირჩევდნენ?


არა, იმიტომ რომ არ იცი იქ რა კრიტერიუმებით გარჩევენ და როგორი მომღერალი უნდათ რომ საქართველო წარადგინოს. ჩემი სახელი რომ წავიკითხე ვერ ვიჯერებდი. ნინი ძალიან ძლიერი ვოკალისტი და მომღერალია და მართალი გითხრათ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მე გავიდოდი. 14 წლის „ნიჭიერში" ვიყავი, 16 წლის „ერთი-ერთში" და 17 წლის რომ შენი ქვეყნის სახე ხდები და იურმალაზე გადიხარ საქართველოს სახელით ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მიხარია რომ ასეთი პატარა ამხელა გამოცდილებას შევიძენ. იმედი მაქვს, იურმალას შემდეგაც ასეთი წარმატებით გაგრძელდება ჩემი კარიერა. მინდა რომ არასდროს გავჩერდე და სულ რაღაც სიახლეები მქონდეს. მუსიკა მთლიანად ჩემი ცხოვრებაა, მეტი არაფრის კეთება არ მინდა.


ვინ იქნება პროდიუსერი?


პროდიუსერი ახლა არის მამულიჩა, მაგრამ რა თქმა უნდა, ლელა ყველაფერში მეხმარება, ჩაცმის სტილია თუ სილამაზესთან დაკავშირებული ყველანაირი დეტალი. ძალიან მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე, რისთვისაც თავს არ დავზოგავ, ყოველდღე 2 საათს ვვარჯიშობ, არც დიეტა არის ჩემთვის პრობლემა, თავს არანაირად არ ვზოგავ, რომ კარგ ფორმაში ვიყო.


დიზაინერი ვინ იქნება?


იურმალაზე თავისი დიზაინერები ყავთ, შემიკერავენ კაბებს და დამახვედრებენ, მაგრამ აქედან მე და ლელაც წავიღებთ, რომელიც უკეთესი იქნება და იქ რომლებიც მოეწონებათ ის სამოსი დარჩება.


რა რეპერტუარს წარადგენ?


რეპერტუარი არის მზად, დამტკიცებულია სიმღერები, მაგრამ არ მიყვარს წინასწარ ამაზე ლაპარაკი, არავის არ ვეუბნები, მინდა საიდუმლოდ დავტოვო. თან არ მინდა განხილვის და ჭორაობის საგნად იქცეს და იყოს ათასი ვარიანტები, რომ იმ სიმღერას ვერ შევასრულებ, როგორც საჭიროა, ან სხვა უფრო კარგი იქნებოდა რომ გაგვეტანა. ამიტომაც მინდა ყველაფერი ჯერჯერობით სიურპრიზად დარჩეს. მაგრამ გეტყვით, რომ სამივე სიმღერა არის განსხვავებული. რომელი სიმღერაც მე მინდოდა, რომ დაემტკიცებინათ ის დამიმტკიცეს პირველ ტურში. როგორც მოგეხსენებათ პირველი ტური ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაყურებელი გიცნობს და შენზე გარკვეული წარმოდგენა ექმნებათ, ამიტომ მინდოდა ძალიან გიჟური და ცეცხლოვანი სიმღერა შემესრულებინა, სადაც ჩემს მაქსიმუმს ვაჩვენებდი, როგორც ხმის მხრივ, ასევე არტისტული შესაძლებლობების მხრივ.


კონკურსანტებს თუ იცნობ და რა წარმოდგენა გაქვს მათზე?


კონკურსანტებს არ ვიცნობ, მაგრამ როგორც კი გავიგე ყველას სახელი ვინც წარადგენდა თავიანთ ქვეყნებს ინტერნეტში მოვძებნე და ვნახე. სიმართე გითხრათ წელს არის ძალიან ძლიერი ნაკადი და დარწმუნებული ვარ ყველაზე მაგარი იურმალა იქნება. ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობები და ვეცდები ყველას დავუმეგობრდე.


როგორ ფიქრობ რამდენად გაქვს გამარჯვების შანსი?


არ ვიცი ნამდვილად, რადგან იქ ყველაფერი ჟიურის ქულებზეა დამოკიდებული. ვერ ვიტყვი პირველ მესამე ან მეორე ადგილზე გავალთქო, არ მინდა ვიღაცამ ამბიციურ ადამიანად ჩამთვალოს, რადგან ასე არ არის, ერთადერთი რასაც ქართველ ხალხს და მაყურებელს ვპირდები არის ის, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ და სამივე სიმღერას ძალიან კარგად ვიმღერებ, რაც ჩემი ვალდებულებაა. საქართველოდან წასული მონაწილეები ყველა წარმატებით დაბრუნდა, რაც ჩემთვის სტიმულია. ასე რომ ყველანაირად ვეცდები საქართველოს რა პოზიციაც უკავია იურმალაზე შევინარჩუნო და არ გადავწიო სადღაც უკან. ჩემი აზრით, ხუთეულში და სამეულში მოხვედრა წარმატებაა.

 

რა გეგმები გაქვს კარიერასთან დაკავშირებით, იურმალას გარდა, ახალ პროექტზე თუ მუშაობ?


ახალ პროექტზე ჯერჯერობით ვერ ვმუშაობ, რადგან მთლიანად იურმალაზე ვარ გადართული, ყოველდღე ვმეცადინეობ, ვოკალისტთან დავდივარ, სიმღერებს ვამზადებთ, სტუდიაში მაქვს ჩაწერები, დატვირთული ვარ ვარჯიშის მხრივ, მთელი დღე დაკავებული მაქვს და სხვა პროექტზე ვერანად ვერ ვიმუშავებ. იურმალადან როგორი შედეგითაც დავბრუნდები, იმის მიხედვით გადავწყვეტ როგორ წარვმართო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი. დანამდვილებით ვიცი, რომ არასდროს გავჩერდები, რაც ყველაზე მთავარია. ვფიქრობ მომღერალი შემოქმედებითად არასდროს არ უნდა გაჩერდეს, მე კი ახლა ვიწყებ ყველაფერს და ყველაფერი წინ მაქვს.


შენი აზრით, რა არის საჭირო, რომ მომღერალმა საქართველოში წარმატებას მიაღწიოს?


ვფიქრობ, რომ ყველაფერი მასაზე უნდა გათვალო. ყველა ჟანრის მუსიკას ჰყავს თავისი მსმენელი, რაც კარგია, მაგრამ მომღერალს ერთი სიმღერა მაინც უნდა ჰქონდეს თავის რეპერტუარში რომელიც ყველასთვის ჰიტი იქნება. როდესაც შენი სიმღერის თუნდაც მისამღერი იციან, ეს უკვე წარმატებაა. თუ მხოლოდ ქავერებს მღერი, შემდგარი მომღერალი არ ხარ. მე, ჩემს თავს არ ვთვლი შემდგარ მომღერლად, ვარსკვლავი ვერასდროს ვერ ვიქნები თუ  არ მექნება ჩემი რეპერტუარი, ჩემი ალბომი და ჩემი ინდივიდუალურობა. საქართველოში ბევრი ჰიტი დაწერილა და კიდევ ბევრი დაიწერება, რაც მეტ ახალს შევთავაზებთ ხალხს მით მეტი სიმღერა გაჰიტდება, რითაც შოუბიზნესიც წინ წამოიწევს.


არის სიმღერა და იმიჯი რომელსაც არ მოირგებდით?


არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ ისეთი ადამიანი ვარ, რომ სულ მიყვარს რაღაც ახალის კეთება, თუმცა შეიძლება ვერ ვიმღერო ქალაქური სიმღერები და შესაბამისად ისეთ იმიჯსაც ვერ მოვირგებდი. ჯერჯერობით ვერ წარმოვიდგენ ასეთ ამპლუაში ჩემ თავს, მე უფრო გიჟური და ენერგიული იმიჯი მაქვს და სიმღერებსაც შესაბამისად ასეთს ვმღერი, მაგრამ სულ ვცდილობ რაღაც ახალი ვნახო და ახალი მოვირგო. ყველაფერზე ვარ წამსვლელი თუ, რა თქმა უნდა, მომიხდება. ყველაფერი ახალი ჩემთვის მისაღებია.


სწავლის გაგრძელებას ხომ არ გეგმავ, სად და რას ისწავლიდი?


სიმღერა არის ის საქმე რისთვისაც დავიბადე, არ მინდა სხვა რამეზე გადავრთო გონება, თუმცა მსახიობობა ძალიან მომწონს, რაც უხდება ჩემს კარიერას. სცენაზე საჭიროა სიმღერის გარდა გქონდეს მსახიობობის ნიჭიც. ჯერჯერობით მეთერთმეტე კლასში ვარ და არ მაქვს გადაწყვეტილი რაზე ვისწავლი. ვარ მომღერალი და სხვა პროფესიას თუ ავირჩევ ეს იქნება მსახიობობა. თუ საქართველოში არ ვიქნები ისეთი დატვირთული როგორც ახლა ვარ, მაშინ საზღვარგარეთ წავალ სასწავლებლად, ან თეატრალურზე ჩავაბარებ ან მუსიკის განხრით ბერკლის კოლეჯში, სადაც სიამოვნებით ვისწავლი.


სიმღერის ჩაწერას და კლიპის გადაღებას ხომ არ გეგმავ ახლო მომავალში?

დაგეგმილი არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა ჩავწერო სიმღერა და კლიპი გადავიღო. მინდა რომ როგორც მომღერალი კარგად შევიფუთო, რაზეც იურმალას შემდეგ ვიმუშავებ.


დასვენებას თუ აპირებ სადმე?


იურმალას შემდეგ წავალ დასასვენებლად, ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი სად წავალ, ყოველთვის დეიდასთან სტამბულში მივდივარ  და ახლაც წავალ, მაგრამ მე და ჩემს დაქალს ძალიან გვინდა წავიდეთ ბარსელონაში და თუ მოვახერხებ ალბათ ერთი კვირით წავალთ.


ზაფხულის მოსვლასთან ერთად გარდერობი ხომ არ განაახლე?


გარდერობს ნელნელა ვაახლებ, მაგრამ არ მიყვარს ბევრი რაღაცეების ყიდვა, კონკრეტულად ვიცი რა მჭირდება და იმას ვყიდულობ. რაც ჩემით დავიწყე ფულის გამომუშავება ვცდილობ ჩემით ვიყიდო რაღაცეები, მანამდე კი დეიდა ზრუნავდა ჩემს სტილზე და ჩაცმულობაზე.


ნუცა ნინი ცნობილაძესთან ერთად მოხვდა იურმალას შესარჩევი კონკურსის ნახევარფინალში. ჟიურის გადაწყვეტილებით საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016