ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელემ, ჟურნალისეტებთან რამდენიმე აქტუალური თემა განიხილა.
დასაწყისისთვის, პელემ ხავი ერნანდესის მნიშვნელობაზე ისაუბრა როგორც „ბარსელონაში", აგრეთვე ესპანეთის ნაკრებში:
„ხავი ის ფეხბურთელია, რომელზეც შეიძლება და აუცილებელია საუბარი. მე ძალიან მომწონს იგი. სწორედ ისეთი ფეხბურთელებით იმპონირებს „ბარსელონა", როგორიცაა ხავი, ინიესტა, მესი... ისინი ჩემს ძველი დროის „სანტოსს" მახსენებენ. მე ვხედავ, რომ „ბარსელონა" ისევე თამაშობს, როგორც ესპანეთის ნაკრები", - განაცხადა პელემ.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო დიეგო კოსტასაც: „ძალიან მიკვირს, რატომ არ მისცეს მას აქამდე შანსი ბრაზილიის ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ დრო შეიცვალა. ახლა მთავარი ისაა, რომ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. იგი იქ უნდა იყოს, სადაც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ამიტომაც ჰქონდა უფლება ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა, მე პირადად ძალიან მინდა, რომ ბრაზილიასთან შეხვედრაში არ გაუმართლოს."
ბოლოს, პელემ ბრაზილიის ნაკრებზე ისაუბრა, თუ რაოდენ დიდია ფეხბურთელებზე პასუხისმგებლობიდან გამომდინარე წნეხი გულშემატკივართა მხრიდან: „საუკეთესოზე საუბარი ძალიან რთულია. ჩვენ ვხედავთ რამდენიმე წამყვან მოთამაშეს, რომლებმაც ევროპაში წარმატებას მიაღწიეს: მესი და რონალდუ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი გაცილებით რთული ჩემპიონატია. შეიძლება ბრწყინავდე რომელიმე ჩემპიონატში, მაგრამ მუნდიალი სულ სხვაა. მაგალითად, ბრაზილიაში გვყავს ნეიმარი. ყველამ იცის და ელის, რომ იგი დიდი მოთამაშე გახდება, მაგრამ მისთვის ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატია. ჩემი აზრით, მისთვის იმის თქმა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის თასი მოიგე და ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდი - მეტისმეტია."