2014 წლის პლანეტის პირველობის სტარტის აღებამდე რამდენიმე საათი რჩება. მთელი მსოფლიო ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებების დაპირისპირების მოლოდინშია, რომელიც დღეს, თბილისის დროით, 00:00 საათზე დაიწყება. მატჩს სან პაულუს სტადიონი „არენა კორინთიანსი" (ტევადობა: 56 000) უმასპინძლებს. შეხვედრას იაპონელი მსაჯი უიტი ნიშიმურა განსჯის.
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა, ფეხბურთის ნებისმიერი მოყვარულისთვის მნიშვნელოვანი შემთხვევაა, მიუხედავად იმისა, ასპარეზობს თუ არა მისი საყვარელი გუნდი. ამასთანავე, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ დღევანდელ გახსნით მატჩში ორი საკმაოდ ძლიერი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს, სანახაობა იმედს ნამდვილად არ გაგვიცრუებს. ბრაზილიელთათვის მსოფლიო ჩემპიონატი უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო ტურნირია, ამიტომაც წარმოდგენაც კი რთულია, თუ როგორ მხარდაჭერას გამოუცხადებს დღეს საყვარელ გუნდს ტრიბუნაზე მოსული ადგილობრივი მაყურებელი.
ფაქტია, რომ ტექნიკური და გახსნილი ფეხბურთის მოყვარული ბრაზილიის ნაკრები შეეცდება ტურნირის სტარტზევე გამოაჩინოს თავისი ნამდვილი ძალა და მეტოქეს „გადაუაროს", თუმცა არც ხორვატიაა სუსტი მეტოქე. სტუმართა მთავარი კოზირი დისციპლინაა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ძირითადი ნაწილი საშუალო ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მსოფლიოს ნამდვილ ვარსკვლავებსაც შეამჩნევთ მარიო მანჯუკიჩის, დარიო სრნასა და ლუკა მოდრიჩის სახით, თუმცა „ბაიერნის" ფორვარდი სასტარტო მატჩში არ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი ოფის საპასუხო მატჩში არბიტრმა მანჯუკიჩი მეტოქესთან უხეშობისთვის გააძევა. ხორვატიამ ის მატჩი 2:0 მოიგო და ბრაზილიის საგზური მოიპოვა. „ფიფამ" ხორვატი თავდამსხმელის დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.
გთავაზობთ ნაკრებების ოფიციალურ შემადგენლობებს:
ბრაზილია (4-2-3-1) : ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო - ფერნანდინიო, პაულინიო - ჰალკი, ოსკარი, ნეიმარი - ფრედი.
ხორვატია (4-3-2-1) : პლეტიკოშა - სრნა, ჩორლუკა, ლოვრენი, ვრსალკო - ვუკოევიჩი, მოდრიჩი, რაკიტიჩი - პერიშიჩი, ოლიჩი - იელავიჩი.
ტრავმირებულია: პრანიჩი (თუმცა შესაძლოა იგი სათადარიგოთ სკამზე ვიხილოთ)
დისკვალიფიცირებულია: მანჯუკიჩი (ხორვატია)
„ჩემი აზრით, 2002 წლის გუნდი და დღევანდელი, ერთნაირად ძლიერები არიან. ამ ნაკრებს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები (მაგალითად ნეიმარი), რომლებსაც განსხვავებულად მოქმედება და სათამაშო სტილის შეცვლა შეუძლიათ, რათა გუნდს დაეხმარონ. დრო დადგა ყველა გავერთიანდეთ. ეს ჩვენი მსოფლიო ჩემპიონატია" - განაცხადა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ლუის ფილიპე სკოლარიმ.
„ჩვენ არ ვაფრიალებთ თეთრ დროშას. თუკი წინასწარ დასახული გეგმით ვიხელმძღვანელებთ, აუცილებლად მოგვეცემა გოლის გატანის შანსი", - აღნიშნა ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა.
„ეს ჩემი ბავშვური სიზმრის ახდენაა: მე ბრაზილიის ნაკრების 10 ნომერი ვარ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემს ქვეყანაში. არ ვგრძნობ არავითარ წნეხს, პირიქით, ამგვარი გამოწვევა ჩემთვის საამაყო და სასიხარულოა" - ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი.
„წნეხი იქნება ბრაზილიაზეც და ჩვენზეც. მე სახლში ინტერვიუს დროს ვთქვი: არ შემიძლია შეგპირდეთ, რომ ხორვატია ჩემპიონი გახდება, რომ ბრაზილიას დაამარცხებს, რომ პლეი ოფში გავალთ, მაგრამ სიტყვას გაძლევთ, რომ თითოეული ფეხბურთელი მთელ ძალებს დატოვებს მოედანზე, რათა ხორვატიას ბედნიერება მოუტანოს", - ხორვატიის ნაკრების მცველი დარიო სრნა.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს ერთმანეთში სულ ორი მატჩი აქვთ ნათამაშები: 1:0 და 2:1.
მატჩები მსოფლი ოჩემპიონატის ეგიდით: 1:0
საინტერესო ფაქტები:
- ხორვატიის ნაკრებს არასდროს წაუგია თავისი პირველი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე: 14 მოგება და 6 ფრე.
- ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის თავის უკანასკნელ 9 მატჩში 8 მოიგო. უკანასკნელი მარცხი 1998 წლის 23 ივნისს ნიგერიის წინააღმდეგ განიცადა.
- ბრაზილიის ნაკრებმა უკანასკნელი 9 მატჩი საერთო ანგარიშით 30:2 მოიგო. შვეიცარიასთან მარცხის გარდა (0:1), ბრაზილიელები კონფედერაციის თასის დაწყებიდან დაუმარცხებლები არიან.
- ბრაზილია მუდამ ასპარეზობს მუნდიალზე, თუმცა დღევანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ 6 ფეხბურთელს აქვს ამ ტურნირზე თამაშის გამოცდილება.
- გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, რაც ნიკო ნოვაჩი მთავარი მწვრთნელი გახდა, ხორვატებს არც ერთი მატჩი არ წაუგიათ (სამი მოგება და ორი ფრე).
- მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის მანძილზე ხორვატიის ნაკრებმა 13 შეხვედრიდან მხოლოდ 11 გოლი გაუშვა. გუნდის რეიტინგი თითო მატჩში 0,85 გოლია - საუკეთესო მაჩვენებელი ტურნირის მონაწილეთა შორის.
Reportiori.ge-ს პროგნოზი - 2:0.