reportiori.ge - ბრაზილია 3:1 ხორვატია - მიმოხილვა (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 00:58
სპორტი
ბრაზილია 3:1 ხორვატია - მიმოხილვა (ვიდეო)
13 ივნისი, 2014. 12:49



ტურნირი გაიხსნა. საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაოების შემდეგ, ბრაზილიამ მაინც მოახერხა განსაზღვრულ ვადებში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა. „არენა კორინთიანსზე“, პირველივე მატჩში გამოჩნდა, თუ რამდენად სერიოზული საფეხბურთო დღესასწაული იქნება 2014 წლის მუნდიალი. სრული 2 აკადემიური საათის განმავლობაში, ტრიბუნები არ გაჩერებულა (62 103 მაყურებელი).

 

ტურნირი გრანდიოზული გახსნით დაიწყო, ვერ გეტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებული ვიხილეთ, თუმცა კარგად იგრძნობოდა ბრაზილიური ტემპერამენტი. გახსნაში მონაწილეობა 2 000-მდე ადამიანმა მიიღო.

 

არბიტრის სასტარტო სასტვენისთანავე ბრაზილიელები 3 ქულის მოსაპოვებლად გაიჭრნენ, თუმცა მე-6 წუთზე, ივიცა ოლიჩმა მარცხენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში დაბალი გადაცემა გააკეთა, რომელიც მასპინძელთა მარცხენაფლანგელმა მარსელომ თავის კარში ჩაჭრა - 0:1. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიასთან თამაშით კარგად ვერ შევაფასებთ ბრაზილიელთა ნაქებ დაცვის ხაზს, ხშირი იყო შეცდომები, რომელსაც სულ მცირეოდენით მაღალი კლასის ფორვარდი მეტოქეს არ აპატიებდა. ერთი სიტყვით, ხორვატიის ნაკრებს დისკვალიფიცირებული მარიო მანჯუკიჩის ნაკლებობა შეტევებში ძალიან დააკლდათ.

 

ამგვარად, სტუმრები წინ გავიდნენ და სკოლარის გეგმები აურიეს. მასპინძლებმა მეტოქეზე წნეხი გაშვებული გოლისთანავე გაზარდეს. გარკვეულ მომენტებში ბრაზილიელთა შეტევები დამანგრეველი იყო, თუმცა პლეტიკოშა საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

 

მასპინძლებმა 29-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა „ბარსელონას“ ფორვარდმა ნეიმარმა საჯარიმოს მისადგომებიდან, მარცხენა ფეხით, არცთუ ძლიერად, მაგრამ ზუსტად შეასრულა დარტყმა. ბურთი მეკარისთვის დაბალ, მარცხენა კუთხეში შევარდა. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პლეტიკოშამ ნახტომი დააგვიანა, თუმცა მას მცველები ეფარებოდნენ და სიტუაციას კარგად ვერ ხედავდა. უბრალოდ, ფორტუნა ამ სიტუაციაში ბრაზილიელთა მხარეს აღმოჩნდა.

 

ნიკო კოვაჩის გუნდმა პირველი ტაიმი ნამდვილად დამაჯერებლად ჩაატარა. მისი შეგირდები მოედნის ყველა მონაკვეთში თავდაუზოგავად იბრძოდნენ. მეორე ტაიმში ხორვატები ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ, თუმცა მათი მთავარი კოზირი, დისციპლინა ცოტათი შეირყა. გაურკვეველი მიზეზით, რამდენიმე ფეხბურთელმა ბრაზილიელთა „გაოცება“ ფინტების შესრულებით გადაწყვიტა, რაც მათთვის დამღუპველი გამოდგა.

 

მატჩის გადამწყვეტი მომენტი 71-ე წუთზე შეიქმნა, როცა იაპონელმა მსაჯმა იუიტი ნიშიმურამ, ფრედის „წაქცევისთვის“ გამოგონილი 11-მეტრიანი დანიშნა. ნიშნულთან ნეიმარი მივიდა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 2:1. მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო ჩინოვნიკების ნაწილი პენალტს სამართლიანად თვლის, მსგავს სიტუაციაში 11-მეტრიანი დარტყმა რომ ინიშნებოდეს, შოტლანდიის ჩემპიონატი ყველაზე უხვგოლიანი იქნება მსოფლიოში.

 

ხორვატები მარცხს არ ეგუებოდნენ და შეტევაში გადავიდნენ, რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, მათი იმედები ოსკარმა გააქარწყლა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 3:1 დააფიქსირა.

 

ბრაზილია    3 : 1    ხორვატია

 

შემადგენლობები:

 

ბრაზილია: ჟულიო სეზარი, დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო, ლუის გუსტავო, პაულინიო (ერნანესი 63’), ოსკარი, ფრედი, ჰალკი (ბერნარდი 68’), ნეიმარი (რამირესი 88’).

 

მწვრთნელი: ლუის ფილიპე სკოლარი

 

ხორვატია: პლეტიკოშა, სრნა, ჩორლუკა, ლოვრენი, ვრსალკო, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, კოვაჩიჩი (ბრაზოვიჩი 61’), ოლიჩი, ელავიჩი (რებიჩი 78’).

 

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

 

გოლები: მარსელო (6’, ს.კ.) – 0:1, ნეიმარი (29’) – 1:1, ოსკარი (90’) – 3:1.

 

მთავარი არბიტრი: იუიტი ნიშიმურა (იაპონია)

 

გთავაზობთ ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის დაპირისპირების ვიდეო მიმოხილვას:

 

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016