ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ფილიპე სკოლარი არ თვლის, რომ მისმა გუნდმა იაპონელი არბიტრის, იუტი ნიშიმურას სიმპატიების გამო გაიმარჯვა.
„მსაჯმა დანიშნა პენალტი, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენი აზრით, პენალტი იყო. არ ვაპირებ განვიხილო ის, რაც მეტოქის მწვრთნელმა თქვა. მე მხოლოდ ბრაზილიაზე საუბარი შემიძლია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის 5 ტიტული აქვს. ჩემი კოლეგის მესმის, რადგან მისი სიტყვების მიზეზი შეხვედრის შედეგია. მეც რომ წამეგო, ალბათ ასევე ვიწუწუნებდი. არ შემიმჩნევია, რომ არბიტრს ჩვენდამი სიმპატიები ჰქონდა.
ნეიმარმა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის პრემია მიიღო, მაგრამ მეორე პრემიაც რომ ყოფილიყო, იგი ოსკარს უნდა მიეღო. მატჩის წინ მე მასთან მივედი და ვუთხარი, რომ მისგან გოლი მჭირდებოდა, მან შეასრულა ჩემი დავალება“, - განაცხადა სკოლარიმ 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩის შემდეგ Goal.com-თან საუბრისას.