ჩილე და ავსტრალია ნამდვილად არ არიან თავიან ჯგუფში ფავორიტები. მათთან ერთად ოთხეულში ესპანეთი და ჰოლანდიაა, რაც მათ ურთიერთშეხვედრას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჯგუფიდან გასვლის ბრძოლისთვის.
მატჩი კუიაბაში, „პანტანალის" სტადიონზე, თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას კამერუნელი არბიტრი ნუმანდიზ დუე განსჯის.
ბევრი საფეხბურთო ექსპერტი მოელის ჩილესგან საინტერესო სიურპრიზებს. მართლაც რომ, სამხრეთ ამერიკელთა შემადგენლობა ნამდვილად დამაჯერებელია. მათი ლაღი და გახსნილი ფეხბურთი კი უხვგოლიან მატჩებს გვპირდება. ჩილეს ძალიან უსიამოვნო მეტოქე იქნება ესპანეთისა და ჰოლანდიისთვის, თუმცა მანამდე მას ჯგუფის აუტსაიდერის - ავსტრალიის ნაკრების დამარცხება ესაჭიროება, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსები შეინარჩუნოს. დღეს ჩილელებს შესაძლოა ვერ დაეხმაროს „იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერი არტურო ვიდალი, რომელიც ტრავმირებულია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „ბარსელონას" თავდამსხმელ ალექსის სანჩესზე.
ავსტრალიელები ჯგუფიდან გავარდნისთვის ფაქტობრივად განწირულები არიან. ასე რომ, თავის წარმოსაჩენად მათი ერთადერთი იმედი, დღევანდელი შეხვედრა იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ჩილე (3-4-1-2) : ბრავო - მედელი, ხარა, როხასი - ისლა, დიასი, ვიდალი, მენა - ვალდივია - სანჩესი, ვარგასი.
ავსტრალია (4-3-2-1) : რაიანი - ფრანჟუჩი, შპირანოვიჩი, მაკგოვანი, დევიდსონი - იედინაკი, მილიგანი, ბრეშიანო - ლეკი, ოარი - კეჰილი.
ტრავმირებულია: ვიდალი - ბრეშიანო (ორთავე კითხვის ნიშნის ქვეშ)
„ვფიქრობ, რომ ავსტრალია ჩვენს შეცდომას დაელოდება და შეტევაში სწრაფად წავა. მათ რამდენიმე კარგი უნივერსალი ჰყავთ, რომლებსაც შეუძლიათ მომენტალურად გადაერთონ შეტევიდან დაცვაში. გამოცდილი ბრეშიანო ამ გეგმას ხელს შეუწყობს. ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ მეტოქის დაცვაში სუსტი ადგილები და სწორედ იქ დავარტყათ", - ხორხე სამპაოლი (ჩილეს მწვრთნელი).
„ჩილე არაჩვეულებრივი მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა იმუშავო, რომ საფეხბურთო ქვეყანად იქცე. ჩვენთვის ნამდვილად სამაგალითოა. 4-5 წლის განმავლობაში ბევრი იმუშავეს და დიდ პროგრესს მიაღწიეს. ამიტომაც, არ მიკვირს ჩილეზე ატეხილი ამოდენა აჟიოტაჟი", - ანგე პოსტეკღლუ (ავსტრალიის მწვრთნელი).
„ამ თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ყველა კარგად ხვდება, რომ ავსტრალიასთან ქულების დაკარგვა და ამავდროულად ასე ჯგუფიდან გასვლაზე იმედის ქონა არ შეიძლება. რთული შეხვედრა იქნება, რადგან მეტოქე არ განიცდის იმდენ წნეხს, რასაც ჩვენ", - ხორხე ვალდივია (ჩილეს ნახევარმცველი).
„მზად ვართ ყოველ თამაშში ბოლომდე საბრძოლველად. შიში არ გვაქვს. 2006 წელს ორი გოლი გავიტანე მსოფლიო ჩემპიონატზე იმიტომ, რომ არაფრის მეშინოდა. ახლა ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს ასეთივე შეგრძნებებით", - ტიმ კეჰილი (ავსტრალიის თავდამსხმელი).
ურთიერთშეხვედრები:
გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც ჩილელებმა 3 მოგებასა და 1 ფრეს გამოჰკრეს ხელი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფრეც (0:0) სწორედ სამუნდიალო შეხვედრაზე იყო.
საინტერესო ფაქტები:
- ავსტრალიის ნაკრებმა 30 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ არ გაუშვა გოლი. ეს სწორედ ჩილესთან მატჩში იყო.
- შესარჩევ ეტაპზე ჩილემ ყველაზე მეტი ბურთი გაუშვა საკუთარ კარში - საშუალოდ მატჩში 1,56 გოლი.
- 1962 წლის საშინაო მუნდიალზე მესამე ადგილის შემდეგ, ჩილემ მსოფლიო ჩემპიონატის 17 შეხვედრიდან მხოლოდ 2-ში მოიპოვა გამარჯვება.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 3:0
რჩევა ტოტალიზატორის თამაშის მოყვარულებს: 1