ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფის პირველ მატჩში არგენტინა ბოსნიას დაუპირისპირდა. შეხვედრა რიო დე ჟანეიროში, გრანდიოზულ „მარაკანას“ სტადიონზე ჩატარდა და საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბოსნიის ნაკრები მუნდიალის დებიუტანტია, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, მასზე ბევრი ამყარებს დიდ იმედებს. გუშინდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა, თუ რამდენად მებრძოლი ნაკრები ჰყავთ „დრაკონებს“.
ამ მატჩში ფავორიტი, რაღა თქმა უნდა, სამხრეთამერიკელები იყვნენ და მე-3 წუთზე, მიმდინარე მუნდიალის ყველაზე სწრაფი გოლიც ვიხილეთ. მესიმ მარცხენა ფლანგიდან ჯარიმა ჩაჰკიდა, ბურთი კოლაშინაჩს მოხვდა და ანგარიში გაიხსნა - 1:0. სწრაფი გოლის მიუხედავად, არგენტინელებს თამაშის დალაგება ძალიან უჭირდათ. ბოსნიელები მარცხს არ ურიგდებოდნენ და პირველ ტაიმში რამდენიმე საკმაოდ სახიფათო შეტევა შემოგვთავაზეს, თუმცა რომერო მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
მეორე ტაიმის დასაწყისში საბელიამ გაგო და იგუაინი შემოიყვანა. პირველ წუთებში კვლავ ბოსნიელები უტევდნენ, თუმცა დებიუტანტებს კლასის ნაკლებობა ეტყობოდათ და შეტევები სასურველ დასასრულამდე ვერ მიჰყავდათ. 65-ე წუთზე ლეი მესიმ გაიბრწყინა. არგენტინელმა იგუაინთან კედელი გაითამაშა, მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და კარგად გამიზნული დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა - 2:0.
სამხრეთამერიკელები მოეშვნენ და თამაშისგან სიამოვნების მიღება დაიწყეს, მაგრამ ბოსნიამ მებრძოლი ხასიათი გამოამჟღავნა და საკუთარ ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. აღნიშნული 84-ე წუთზე მოხდა, როდესაც არგენტინელი მცველების მორიგი შეცდომით, შეცვლაზე შემოსულმა იბიშევიჩმა ისარგებლა. მარცხენა ფლანგიდან მეკარესთან ერთიერთზე დარჩენილმა ბოსნიელმა ბურთი რომეროს ფეხებს შორის გაუძვრინა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 2:1 დააფიქსირა. არგენტინამ პროგრამა მინიმუმი შეასრულა და 3 ქულა მოიპოვა, ბოსნიამ კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯგუფიდან გასვლის სერიოზული პრეტენდენტია.
შედეგის მიღწევის მიუხედავად, არგენტინის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება ნამდვილად ვერ დატოვა. დავიწყოთ იქიდან, რომ საბელიამ არგენტინელთა „აქილევსის ქუსლის“, დაცვის გაძლიერების მიზნით გუნდი მოედანზე ხუთი მცველით გაუშვა, მაგრამ ამას შედეგი არ გამოუღია და უკანა ხაზში ნაპრალების რაოდენობა კოლოსალური იყო. შესაძლოა ბოსნიასთან გამოდგეს, მაგრამ უფრო ძლიერ გუნდთან ეს პრობლემა თავს აუცილებლად იჩენს.
კიდევ ერთ რამეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. არგენტინელებმა რატომღაც ტრადიციულ ფლანგიდან შეტევაზე უარი თქვეს და გამუდმებით ცენტრიდან ასკდებიან მეტოქის დაცვას. საკმაოდ თვალშისაცემი იყო „ტიკი-ტაკას“ ელემენტების სიხშირე სათამაშო სქემაში. ბევრის აზრით ამ სათამაშო სტილმა დრო მოჭამა და გუნდებმა ისწავლეს მის წინააღმდეგ თამაში. ვნახოთ, რამდენად გამოადგებათ არგენტინელებს „ბარსელონას“ სათამაშო ელემენტები.
ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი რამ იქნება ლეო მესიზე დამოკიდებული. მომეჩვენა, რომ არგენტინელები ბრაზილიური საფეხბურთო ცნობიერებით აპირებენ თამაშს და უბრალოდ, იმაზე მეტი გოლის გატანას, ვიდრე საკუთარ კარში გაშვებას. აგუერომ თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა, იგუაინიც ვერ ბრწყინავდა, ლავეცის ხილვის საშუალება არ მოგვეცა, მესისგან მეტს ველით, აი დი მარია კი, ნამდვილად კარგად დაეხმარება ლიონელს ნაკრებში მარადონას როლის შესრულებაში.
არგენტინა 2 – 1 ბოსნია
არგენტინა: რომერო, გარაი, კამპანიერო (გაგო 46’), საბალეტა, დი მარია, მესი, მ.როდრიგესი (იგუაინი 46’), მასკერანო, როხო, ფერნანდესი, აგუერო (ბილია 87’).
ბოსნია: ბეგოვიჩი, მუიჯა (იბიშევიჩი 69’), ბიჩაკჩიჩი, სპახიჩი, კოლაშინაჩი, ბეშიჩი, ჰაიროვიჩი (ვიშჩა 71’), მასიმოვიჩი (მედუნიანინი 74’), პიანიჩი, ლულიჩი, ჯეკო.
გოლები: კოლაშინაჩი (74’ ა.გ.), მესი (65’), იბიშევიჩი (84’).
გაფრთხილებები: როხო (25’), სპახიჩი (63’).