თბილისის „დინამოში" 32 წლის ჩეხი ნახევარმცველი მარიო ლიჩკა ვარჯიშობს. იგი გუშინ ჩავიდა კარტეპეში, სადაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანი შეკრებას გადის და დღეს დილით, გუნდთან ერთად, პირველად ივარჯიშა. ამის შესახებ ინფორმაციას „დინამო" თბილისის ოფიაციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მარიო ლიჩკა ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის მანძილზე გამოდიოდა ოსტრავას „ბანიკში", „სლოვაცკოში" იტალიურ „ლივორნოში", ინგლისურ „საუთჰემპტონში". 2010-2013 წლებში თამაშობდა ელიტარულ ლიგა 1-ში ფრანგული „ბრესტის" შემადგენლობაში. ნათამაშები აქვს ჩეხეთის პირველ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებში. მისი უკანასკნელი კლუბი კი, პრაღის „სლავია" გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის „დინამოს" ახალი მწვრთნელი, ჩეხი მიხალ ბილეკი ჰყავს. ვნახოთ, რამდენად შეძლებენ თანამემამულეები საერთო ენის გამონახვას და გააძლიერებს თუ არა ლიჩკა თბილისურ კლუბს.
აქვე იმასაც გამცნობთ, რომ „დინამომ" კარტეპეში გუშინ, სპარინგ-მატჩი გამართა თურქმენულ კლუბ „შაგადამისთან" და მინიმალური ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა - 1:0. ერთადერთი გატანილი გოლით, შეხვედრის მეორე წუთზე თავი ახალწვეულმა გიორგი ჩირგაძემ გამოიჩინა (თორნიკე გორგიაშვილის გადაცემით).
გთავაზობთ თბილისური კლუბის შემადგენლობას:
პირველი ტაიმი - დაუშვილი, ხურცილავა, შერშუნი, ხიდეშელი, კვირკველია, გრიგალაშვილი, ცინცაძე, ჯანელიძე, გორგიაშვილი, მერებაშვილი, ჩირგაძე.
მეორე ტაიმი - მიგინეიშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, თოთაძე, შერგელაშვილი, ჯიღაური, პარუნაშვილი, ლობჟანიძე, მესხი, პაპუნაშვილი, ზივზივაძე.
გუშინ გუნდს შეუერთდნენ გიორგი ლორია, ირაკლი ძარია, გიორგი პაპავა და ოთარ მარცვალაძე, რომლებმაც ჩისკოსთან ერთად ინდივიდუალურად ივარჯიშეს.
შეკრების მეორე საწვრთნელი მატჩის გამართვა, სამშობლოში დაბრუნების წინა დღით, 19 ივნისს იგეგმება.