ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფის მეორე შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, კურიტიბას „არენა და ბაიშადაზე", ირანი ნიგერიას დაუპირისპირდება. შეხვედრას ეკვადორელი არბიტრი კარლოს ვერა განსჯის.
10-15 წლის წინ, ნიგერია და ირანი საკუთარ კონტინენტზე უძლიერეს ნაკრებებად ითვლებოდნენ, თუმცა შემდეგ, მათ პრაქტიკულად ერთდროულად დაიწყეს ჩავარდნა, საიდანაც პარალელურად დაიწყეს აღმასვლა.
ირანის ნაკრების დღევანდელი გუნდი კარგი დაცვით გამოირჩევა. შესარჩევ ეტაპზე გოლების სიუხვით ვერ გამოირჩნენ, თუმცა საკუთარი კარის სიმშრალეს დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ.
ნიგერიელებს შემადგენლობის მხრივ პრობლემა აქვთ. მარცხენა მცველად მოთამაშე ფეხბურთელი ამ ქვეყანაში ვერ მოიძებნა. მათი მთავარი კოზირი საოცარი ფიზიკური სიძლიერის მქონე ფეხბურთელებია.
„ჩვენთვის კვალიფიკაცია ჯოჯოხეთი იყო, ამიტომაც, ჯგუფში მოხვედრა უკვე სამოთხეა. ჩემი ფეხბურთელებისთვის პატივია ასეთ მოწინააღმდეგეებთან თამაში. მთავარია, რომ მოედანზე, ყოველი მომენტისგან სიამოვნება მიიღონ და შეეცადონ, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ", - განაცხადა ირანის ნაკრების თავკაცმა კარლუშ კეირუშმა.
„უნდა ვაღიაროთ, რომ კარგად არ ვიცნობთ ირანის ნაკრებს, თუმცა ამასთანავე, სრული სერიოზულობით ვემზადებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. მათ კარგი, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ, შემადგენლობაში კი - ძლიერი შემსრულებლები. არ ველით იოლ თამაშს ირანთან", - განაცხადა ნიგერიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივენ კეშიმ.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს მხოლოდ ერთხელ აქვთ ნათამაშები ერთმანეთში და აქტივში ნიგერია გამარჯვებით ლიდერობს (1:0).
საინტერესო ფაქტები:
- ირანმა მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით გამართულ ცხრა მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა.
- მუნდიალის ცხრავე მატჩში ირანი აუცილებლად უშვებდა გოლს.
- უკანასკნელი გამარჯვება მუნდიალზე ნიგერიელებმა 1998 წელს მოიპოვეს ბულგარეთის წინააღმდეგ.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 0:0
რჩევა ტოტალიზატორის მოყვარულებს: X2