ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სალვადორის სტადიონ „ფონტე-ნოვაზე" გაიმართება. ერთმანეთს გერმანია და პორტუგალია დაუპირისპირდებიან. შეხვედრას სერბი მილორად მაჟიჩი განსჯის.
G ჯგუფის ფავორიტები ურთიერთშეხვედრით იწყებენ. მატჩის გამარჯვებული ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს ჯგუფიდან გასასვლელად. მთავარი კითხვა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს მოედანზე ხილვა იყო. როგორც ირკვევა, „რეალის" ლიდერს ტრავმა კიდევ აწუხებს, თუმცა დღეს იგი თავის გუნდს დაეხმარება. რონალდუს გარდა, პორტუგალიელებს სერიოზული პრობლემა არ აქვთ. შემადგენლობის სხვა ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან.
აღსანიშნავია, რომ გერმანელებს მუნდიალზე ვერ დაეხმარება მარკო როისი, რომელმაც უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და რეაბილიტაციისთვის 6-7 კვირა დასჭირდება. ლამს, შვაინშტაიგერსა და ნოიერს მიკრო ტრავმები აწუხებთ, თუმცა იოახიმ ლიოვს მათი იმედი დღევანდელ შეხვედრაშიც აქვს.
გერმანელები სავარაუდოდ საყრდენებს გააძლიერებენ, რათა კრიშტიანუ რონალდუმ კონტრშეტევებზე დაცვის გარღვევა ვერ შეძლოს. დიდი ალბათობით, ფილიპ ლამსა და ხედირას დღეს მოედანზე ვიხილავთ.
„პორტუგალია „ფიფას" რეიტინგში ჩვენს კვალდაკვალაა და ეს უბრალოდ რონალდუს გუნდი არაა, იგი ზედმეტად სახიფათო მეტოქეა", - აღნიშნა გერმანელთა თავკაცმა იოახიმ ლიოვმა.
„ჩვენ გველის თანაბარი ჯგუფი ოთხი ძლიერი გუნდით, ამიტომაც ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ და პლეი ოფში გავიდეთ", - განაცხადა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ბენტუმ.
სავარაუდო შემადგენლობები:
გერმანია (4-2-3-1) : ნოიერი - ბოატენგი, მერტეზაკერი, ჰუმელსი, დურმი - ხედირა, ლამი - გიოტზე, იოზილი, პოდოლსკი - მიულერი.
პორტუგალია (4-3-3) : რუი პატრისიუ - პერეირა, ბ.ალვეში, პეპე, კოენტრაუ - მეიერლეში, ვილიამი, მოუტინიო - ნანი, ალმეიდა, რონალდუ.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს ერთმანეთში 9-ზე აქვთ ნათამაშები აქედან 5 გერმანელებმა მოიგეს, 4 ფრედ დასრულდა, ხოლო ერთ შეხვედრაში პორტუგალიელებმა იმარჯვეს. უკანასკნელი შეხვედრა გერმანიამ მინიმალური ანგარიშით მოიგო -1:0 (09.06.2012)
საინტერესო ფაქტები:
- გერმანიას არ წაუგია მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩები 1982 წლიდან მოყოლებული.
- ეს შეხვედრა გერმანელთათვის მუნდიალზე მეასეა. ბუნდესგუნდი პირველი გახდება, რომელმაც ამას მიაღწია.
- გერმანიამ 2014 წლის მუნდიალის ევროპულ შესარჩევ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (36 გოლი).
- მაუტინიომ 2014 წლის მუნდიალის ევროპულ შესარჩევ ეტაპზე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა (10 საგოლე პასი).
- კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატზე 48 დარტყმიდან მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 2:1
რჩევა ტოტალიზატორის მოყვარულებს: 1X