დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს გერმანია და პორტუგალია დაუპირისპირდებიან.
საფეხბურთო სამყაროში ახალი არაა ამა თუ იმ ცხოველის მიერ წინასწარი პროგნოზის გასაჯაროება. ალბათ ყველას გახსოვთ რვაფეხა სახელად პაული, რომელიც 2010 წლის მუნდიალის მსვლელობისას თამაშების შედეგებს საკმაოდ ზუსტად პროგნოზირებდა. სამწუხაროდ, პაული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გარდაიცვალა.
ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს არაერთი სახეობის ცხოველი პროგნოზირებს. მათ შორის ყველაზე პოპულარულები აქლემი, წყლის კუ, პანდა და რვაფეხაა.
აქლემმა და რვაფეხამ გერმანიასა და პორტუგალიის დუელში პორტუგალიელთა გამარჯვება იწინასწარმეტყველეს. აღსანიშნავია, რომ აქლემმა ბრაზილიის, ჰოლანდიის, იტალიისა და არგენტინის გამარჯვებები იწინასწარმეტყველა. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს მისი პროგნოზი ამჯერად.