ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღე ჯგუფური ეტაპის ცენტრალური მატჩით გაიხსნა. ერთმანეთს გერმანია და პორტუგალია დაუპირისპირდნენ. გერმანულმა დისციპლინამ შედეგი გამოიღო და „ფონტა ნოვას" სტადიონზე შეკრებილებმა 4 უპასუხო გოლი იხილეს. კრიშტიანუ რონალდუს ტრავმასთან დაკავშირებული დიდი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, „რეალის" ლიდერმა მატჩი სრულად ჩაატარა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა. ლიოვმა კი ბასტიან შვაინშტაიგერი დაასვენა.
1982 წლიდან მოყოლებული, გერმანელებს სასტარტო მატჩი მუნდიალზე არ წაუგიათ. მათ არც ახლა დაარღვიეს ტრადიცია, უფრო მეტიც, მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს. შეხვედრაში ანგარიში პენალტით გაიხსნა. მიულერმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმული ბურთი პატრისიუს კარის ბადეში გაახვია. 32-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ზუსტი თავური დარტყმით გადაგზავნა მეტოქის კარში მატს ჰუმელსმა. პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე მიულერმა დუბლი შეასრულა, მაგრამ ამაზე არ გაჩერებულა. მეორე ნახევარში, 78-ე წუთზე, მეტოქის კარი კიდევ ერთხელ დალაშქრა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 4:0 დააფიქსირა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ 37-ე წუთზე, მატჩის მთავარმა არბიტრმა პეპე მიულერთან ორთაბრძოლისა და სიტუაციის შემდგომი უხეში გაგრძელების გამო გააძევა.
უნდა აღინიშნოს, რაოდენ კარგად აქვთ გერმანელებს შერწმყმული ტექნიკური და მკაცრად დისციპლინარული საფეხბურთო სტილები. ეს ნამდვილად გამანადგურებელი მანქანაა, რომელმაც ჯერჯერობით, ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სერიოზული განაცხადი გააკეთა ტიტულისთვის ბრძოლაში. რაც შეეხება პორტუგალიელებს, გუნდს ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ მის შემადგენლობაში მსოფლიო ვარსკვლავები გამოდიან. მათი თამაში საშუალოზე დაბალ შეფასებას იმსახურებს. ვერ წარმოვიდგენდი, ფავორიტებს შორის რომელიმეს თუ ეყოლებოდა არგენტინაზე სუსტი დაცვის ხაზი, მაგრამ პორტუგალიელებმა ამ მხრივ, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეს. ვერც ნახევარდაცვა და წინა ხაზი დაიკვეხნიდნენ კარგი თამაშით. კრიშტიანუ რონალდუმ იმის მეასედიც ვერ წარმოგვიდგინა, რასაც მისგან მოველით.
ერთი სიტყვით, გერმანელები პორტუგალიელებზე ოთხი თავით მაღლა იდგნენ, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ სასტარტო შეხვედრებია და ყველაფერი წინ გველის. ისტორიას ბევრი სეზონი ახსოვს ისეთი, პირველ შეხვედრაში წაგებული გუნდი ტიტულს რომ ეუფლება.
გერმანია 4 : 0 პორტუგალია
გერმანია: ნოიერი, ჰიოვედესი, მერტეზაკერი, ჰუმელსი (მუსტაფი 73'), ბოატენგი, ხედირა, ლამი, იოზილი (შურლე 65'), კროსი, მიულერი (პოდოლსკი 82'), გიოტზე.
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
პორტუგალია: პატრისიუ, კოენტრაუ (ალმეიდა 65'), პეპე, ალვეში, პერეირა, რიკარდუ (კოშტა 46'), მოუტინიუ, მეიერლეში, რონალდუ, ალმეიდა (ედერი 28'), ნანი.
მთავარი მწვრთნელი: პაულუ ბენტუ
გოლები: მიულერი (11', პენ.), ჰუმელსი (32'), მიულერი (45'), მიულერი (78').
გაფრთხილება: პერეირა.
გაძევება: პეპე (37')