კომპანიების ტოპ-მენეჯმენტში ქალების რაოდენობის მიხედვით საქართველო 35%-იანი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი. მონაცემებს „Grant Thornton" აქვეყნებს. კვლევაში „Grant Thornton International Business Report for 2014" პირველ ადგილზე რუსეთია, სადაც, როგორც აღმოჩნდა, კომპანიების ხელმძღვანელობაში ქალების რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე აშშ-ში. კერძოდ, რუსეთში კომპანიების ხელმძღვანელებს შორის 43% ქალია. რუსეთს ბალტიისპირეთის სახელმწიფოები მოსდევს, საქართველო და სომხეთი კი 35%-ით არიან წარმოდგენილნი.
Comმersant.ge წერს, რომ რამდენად მოულოდნელიც უნდა იყოს, სხვა ევროპულ ქვეყნებში ბიზნესი არ იჩენს დიდ სურვილს, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალები დაინიშნონ.
მაგალითად, ესპანეთში, ისევე როგორც აშშ-ში, კომპანიების ტოპმენეჯმენტში ქალების წარმომადგენლობა მხოლოდ 22%-ია. დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 20%-ს აღწევს, დანიაში 14-ს, შვეიცარიაში 13-ს, ნიდერლანდებში კი 10%-ზე ნაკლებია. მეტიც: ევროპულ ბიზნესს ყველაზე ნაკლებად სურს, კომპანიების ტოპ-მენეჯმენტში ქალები იხილოს. დანიური კომპანიების 71%-ს ზედა რგოლში არცერთი ქალი არ ჰყავს დასაქმებული. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 67%-ია.
ევროპის ფარგლებს გარეთ იმ სახელმწიფოებს შორის, სადაც ქალები ტოპ-მენეჯერებად ძალიან იშვიათად გვევლინებიან, არიან ინდოეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები 14%-ით, და იაპონია 9%-ით.
მთლიანობაში, მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიების მმართველობის ზედა რგოლებში ქალების წილი 24%-ს შეადგენს. ყველაზე ხშირად (25%) ქალები საკადრო სამსახურებს ხელმძღვანელობენ ან ფინანსური დირექტორის პოსტს იკავებენ (23%). მსოფლიოს კომპანიების მხოლოდ 12%-ს ჰყავს ქალი აღმასრულებელი ან მმართველი დირექტორი.
ყველაზე ხშირად ქალი-ხელმძღვანელები წარმოდგენილნი არიან საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში.