დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, მანე გარინჩას სახელობის სტადიონზე, კოლუმბია C ჯგუფის მეორე შეხვედრას კოტ დ'ივუარის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრას ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ ვები განსჯის.
C ჯგუფი ყველაზე საინტერესოა, რადგან აქ გამოკვეთილი ფავორიტი არაა და ყოველი მატჩი გარკვეულწილად არაპროგნოზირებადია. კოლუმბიელებმა პირველ შეხვედრაში ბერძნები გამანადგურებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს. გუნდმა დაამტკიცა, რომ რადამელ ფალკაოს გარეშეც შეუძლია კარგად თამაში, ისეთი პრაგმატული ფეხბურთის მოთამაშე გუნდის წინააღმდეგაც კი, როგორიც გამოცდილი საბერძნეთია. თუმცა, საერთო ჯამში, პირველ შეხვედრაზე თუ ვიმსჯელებთ, ბერძნებმა უფრო წააგეს, ვიდრე კოლუმბიელებმა მოიგეს.
რაც შეეხება კოტ დ'ივუარელებს, მათ იაპონიასთან საკმაოდ რთული მატჩი ჩაატარეს. „სპილოებმა" პირველი ტაიმი დათმეს, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში გამოცოცხლება დაეტყოთ და ნანატრი სამი ქულა მოიპოვეს - 2:1. უნდა აღინიშნოს, რომ კოტ დ'ივუარელთა თავკაცმა ყველა გააკვირვა იმით, რომ პირველ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დატოვა კოლო ტურე და დიდიე დროგბა. როგორც ირკვევა, „აფრიკელ ბიზონს" ტრავმა აწუხებს და 90 წუთის ჩატარება არ შეუძლია. სავარაუდოდ, დღესაც დროგბას ნაცვლად ბონი ითამაშებს.
წინასწარი შემადგენლობები:
კოლუმბია (4-2-3-1) : ოსპინა - სუნიგა, საპატა, იეპესი, არმერო - სანჩესი, გუარინი - კუარდადო, როდრიგესი, იბარბო - გუტიერესი.
კოტ დ'ივუარი (4-3-3) : ბარი - ორიე, ზოკორა, ბამბა, ბოკა - დიე, ტიოტე, იაია ტურე - კალუ, ბონი, ჟერვინიო.
„ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სტილი და იდეა, მეტოქის სიძლიერის მიუხედავად. გარდა ამისა, ჩვენ ვხვდებით, რომ მოწინააღმდეგეც შეეცდება თავისი ფეხბურთი მოგვახვიოს თავს. ასე რომ, მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სიტუაციისთვის. კოტ დ'ივუარს საკმაოდ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებთანაც სიფრთხილეა საჭირო", - განაცხადა კოლუმბიელთა თავკაცმა ხოსე პეკერმანმა.
„საბერძნეთთან თამაშმა გვიჩვენა, რომ კოლუმბიას უნდა ვუფრთხილდეთ. ბერძნებს ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავთ, თუმცა კოლუმბიელებმა მათ სამი გოლი გაუტანეს. ჩვენს მეტოქეს ძლიერი შეტევითი პოტენციალი აქვს. იაპონიასთან თამაშმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. ასე რომ, ახლა ჩვენი ძალებისა და გამარჯვების გვწამს", - აღნიშნა კოტ დ'ივუარის ნაკრების მწვრთნელმა საბრი ლამუშმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ. ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება.
საინტერესო ფაქტები:
- კოლუმბიის ნაკრებს ჯერჯერობით არ ჰქონია ორმატჩიანი წაუგებელი სერია მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებში.
- 2013 წლიდან მოყოლებული, კოლუმბიელებს წაგება არ განუცდიათ - 8 შეხვედრა.
- 2013 წლიდან მოყოლებული, თითქმის ერთი წელია, კოტ დ'ივუარი თავის კარს მშრალად ვერ ინახავს.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 2:2
რჩევა ტოტალიზატორის მოყვარულებს: X