დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, „არენა დე კორინთიანსზე", ერთმანეთს ურუგვაისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრას ესპანელი არბიტრი კარლოს ველასკო კარბალიო განსჯის.
D ჯგუფი, კენჭისყრის შემდეგ, „სიკვდილის ჯგუფად" შეირაცხა. მას შემდეგ, რაც ურუგვაიმ კოსტა რიკასთან მარცხი იწვნია, ყველაფერი კიდევ უფრო ჩაიხლართა. ამ დროისათვის, ჯგუფს კოსტა რიკა და იტალია 3-3 ქულით ლიდერობენ, ინგლისი და ურუგვაი კი უქულოდ არიან. მიუხედავად იმისა, რომ კოსტა რიკამ ურუგვაელებზე საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 3:1, ეს უფრო მეტოქის დაუფასებლობა და თამაშის დაულაგებლობა იყო სამხრეთამერიკელთა მხრიდან, რის გამეორებასაც ოსკარ ტაბარესის გუნდი აღარ აპირებს. ინგლისელებმა იტალიელებთან თამაშში მოლოდინი ვერ გაამართლეს და მარცხი (1:2) განიცადეს.
დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებული, ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს მერვედფინალში გასასვლელად. აღსანიშნავია, რომ ურუგვაელებს სუარესი დაუბრუნდათ, ლუგანო ტრავმირებულია, მაქსი პერეირა დისკვალიფიცირებული, ინგლისელები კი სრულ საბრძოლო განწყობაზე არიან.
წინასწარი შემადგენლობები:
ურუგვაი (4-4-2) : მუსლერა - კასერესი, გოდინი, კოატესი, ა.პერეირა - სტუანი, არევალო რიოსი, დიეგო პერესი, კ.როდრიგესი - სუარესი, კავანი.
ინგლისი (4-2-3-1): ჰარტი - გ.ჯონსონი, იაგელკა, კეჰილი, ბეინსი - ჯერარდი, ჰენდერსონი - უელბეკი, რუნი, სტერლინგი - სტარიჯი.
ტრავმირებულია: ლუგანო (ურუგვაი)
დისკვალიფიცირებულია: მაქსი პერეირა (ურუგვაი)
„ჩვენ ყველაფერს შევცვლით. გამარჯვება გვჭირდება, ისევე, როგორც ინგლისს. უნდა შევცვალოთ თამაშისადმი მიდგომა და გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ურუგვაელთა თავკაცმა ოსკარ ტაბარესმა.
„იტალიასთან მარცხი გავაანალიზეთ. მჯერა, რომ ახლა წინ წასვლა და სრული მობილიზება შეგვიძლია თითოეულ მატჩზე", - აღნიშნა ინგლისელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს ერთმანეთში 10 შეხვედრა აქვთ გამართული, საიდანაც 4 ურუგვაელთა გამარჯვებით დასრულდა, 3 ფრედ, ხოლო 3 ინგლისელთა მოგებით.
საინტერესო ფაქტები:
- მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისმა უკანასკნელ 8 მატჩში სამხრეთამერიკელთა წინააღმდეგ, ყოველივეში შეძლო გოლის გატანა.
- დანიელ სტარიჯმა ინგლისის ნაკრების მაისურით უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
- უეინ რუნის საიუბილეო, მეათე მატჩი აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე. წინა ცხრაში მას გოლი გატანილი არ აქვს.
- უეინ რუნიმ ყველაზე მეტი სახიფათო მომენტი შექმნა იტალიელებთან მატჩში (სამი, საგოლე გადაცემის ჩათვლით).
- მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი ოთხიდან ორ შეხვედრაში ურუგვაელებმა წითელი ბარათები მიიღეს.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 2:1
რჩევა ტოტალიზატორის მოყვარულებს: 1X