C ჯგუფის მეორე ტური სამქულიანი ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნა. სტადიონ „მანე გარინჩაზე“ თავმოყრილი გულშემატკივარი კოლუმბიისა და კოტ დ’ივუარის დაძაბულ შეხვედრას დაესწრო.
როგორც ჩანს, კოლუმბიელთა თავკაცი ხოსე პეკერმანი თავის ფეხბურთელებს 100%-ით ენდობა და ზუსტად იგივე შემადგენლობა გამოიყვანა, რომლითაც საბერძნეთი გაანადგურა. აფრიკელმა კი იაპონიასთან მატჩის შემდეგ მცირე ცვლილებას მიმართეს, საბრი ლამუშის გადაწყვეტილებით, სალომონ კალუს ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში მაქს გრადელი ვიხილეთ. მატჩი ისევ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო დიდიე დროგბამ, რომელიც უკანასკნელ ნახევარ საათში შემოვიდა მოედანზე თანაგუნდელთა დასახმარებლად. უნდა აღინიშნოს, რომ დროის სწორედ ამ მონაკვეთში შეძლო კოტ დ’ივუარმა ერთადერთი გოლის გატანა.
სამივე გოლი შეხვედრის მეორე ტაიმში გავიდა. 64-ე წუთზე, ანგარიში კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ჯეიმს როდრიგესმა გახსნა. 6 წუთში, შეცვლაზე შემოსულმა კინტერომ სხვაობა ორამდე გაზარდეს. 73-ე წუთზე, ჟერვინიომ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეძლო ერთი გოლის გაქვითვა, თუმცა თავის გუნდს ქულა ვერ მოაპოვებინა. მატჩის მთავარი არბიტრის სასტვენის შემდეგ, ტაბლოზე 2:1 დაფიქსირდა.
კოლუმბიელები საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ. გუნდი რადამელ ფალკაოს გარეშეც კომბინაციურ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. უდავოა, რომ არცერთი გუნდისთვის სასურველი მეტოქე არ იქნება. რაც შეეხება კოტ დ’ივუარელებს, ისინი 3 ქულით მეორე ადგილს სჯერდებიან და ბერძნებთან გადამწყვეტი მატჩის ჩატარება მოუწევთ.
კოლუმბია 2:1 კოტ დ’ივუარი
კოლუმბია: ოსპინა, სუნიგა, საპატა, იეპესი, არმერო (არიასი 72’), სანჩესი, აგილარი (მეხია 79’), კუადრადო, როდრიგესი, იბარბო (კინტერო 53’), გუტიერესი.
კოტ დ’ივუარი: ბერი, ორიე, სოკორა, ბამბა, ბოკა, დიე (ბოლი 73’), ტიოტე, იაია ტურე, გრედელი (სალომონ კალუ 67’), ჟერვინიო, ბონი (დროგბა 60’).
გოლები: როდრიგესი (64’), კინტერო (70’), ჟერვინიო (73’).
გაფრთხილება: სოკორა (55’), ტიოტე (90’).
მსაჯი: ჰოვარდ ვები (ინგლისი).