დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, „ფონტე ნოვას“ სტადიონზე, ერთმანეთს E ჯგუფის სამქულიანი გუნდები დაუპირისპირდებიან. შვეიცარიისა და საფრანგეთის შეხვედრას ჰოლანდიელი არბიტრი ბორნ კეიპერსი განსჯის.
ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ეს ორი გუნდი ჯგუფის ფავორიტებად სახელდებოდნენ და საფეხბურთო კრიტიკოსები სწორედ მათ ხილვას მოიაზრებდნენ მერვედფინალურ ეტაპზე. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. პირველ შეხვედრაში საფრანგეთმა ჰონდურასი გაანადგურა - 3:0, ხოლო შვეიცარიამ ეკვადორს სძლია - 2:1.
ფრანგები დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლებენ, მით უმეტეს, რომ შემდეგი შეხვედრა ეკვადორთან უწევთ, რომელიც როგორც წესი, უსიამოვნო მეტოქედ ითვლება ნებისმიერი გუნდისთვის. შვეიცარიელები ამ მხრივ გაცილებით კომფორტულ სიტუაციაში არიან. მათ მორიგი თამაში ჰონდურასის წინააღმდეგ აქვთ, რომელიც უდაოდ ჯგუფის აუტსაიდერია.
აღსანიშნავია, რომ გუნდები სრულ მზადყოფნაში არიან და არც ერთი ფეხბურთელი არც ტრავმირებული და არც დისკვალიფიცირებული არაა.
სავარაუდო შემადგენლობები:
შვეიცარია (4-2-3-1) : ბენალიო - ლიხტშტაინერი, ჯურუ, ფონ ბერგენი, როდრიგესი - ინლერი, ბერამი - შაქირი, ჯაკა, მეჰმედი - დრმიჩი.
საფრანგეთი (4-3-2-1) : ლორისი - დებუში, ვარანი, სახო, ევრა - მატუიდი, პოგბა, კაბაი - ვალბუენა, გრიზმანი - ბენზემა.
„საფრანგეთის ნაკრებისთვის სუსტი წერტილის პოვნა რთულია. ამ საკითხით 13 წელია დაკავებული ვარ. ორგანიზებული და მჭიდრო თამაში გვმართებს დაცვაში. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. პრობლემა უნდა ვეძებოთ მათ თამაშში და ყოველ შანსს ჩავებღაუჭოთ. მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდომა და ბურთის მოშორება ვერ გვიშველის“, - განაცხადა შვეიცარიელთა თავკაცმა ოტმარ ჰიტცფელდმა.
„სავარაუდოდ არავითარი კავშირი არ იქნება ჰონდურასთან პირველ გატანილ გოლთან. შვეიცარიელებს ძლიერი წინა ხაზი ჰყავთ. მათი ფეხბურთელების უმეტესობა ინდივიდუალური თვისებებით გამოირჩევა“, - აღნიშნა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს ერთმანეთთან 36 მატჩი აქვთ ჩატარებული. აქედან 12 შვეიცარიელთა გამარჯვებით დასრულდა, 9 ფრედ, ხოლო 15-ში ფრანგებმა იმარჯვეს.
საინტერესო ფაქტები:
- შვეიცარიას არასდროს მოუგია საფრანგეთისთვის ოფიციალურ შეხვედრაში.
- უკანასკნელი 3-ვე ურთიერთშეხვედრა ფრედ დასრულდა. გუნდებმა კი მხოლოდ 2-2 გოლი გაიტანეს.
- 2012 წლიდან მოყოლებული, შესაძლო 19-დან, შვეიცარიის ნაკრებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო.
- საფრანგეთის ნაკრებს აქამდე მხოლოდ ერთხელ აქვს მუნდიალი ორი მოგებით დაწყებული. ეს 1998 წელს მოხდა, რის შემდეგაც, საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 1:1
რჩევა ტოტალიზატორის მოყვარულებს: X2