ხვალ, თბილისის დროით 02:00 საათზე, ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპის E ჯგუფის დარჩენილი შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს ჰონდურასი და ეკვადორი დაუპირისპირდებიან. მატჩს ავსტრალიელი არბიტრი ბენ უილიამსი განსჯის.
პირველ ტურში, ჰონდურასელები ფრანგებთან გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდნენ - 0:3. ძალიან რთულია ამ გუნდზე კარგის თქმა. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მონაწილეა. თუმცა, მათ სასიკეთოდ უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთთან დაპირისპირებაში პირველი ტაიმი საკმაოდ კარგად ჩაატარეს.
რაც შეეხება ეკვადორს, ამ გუნდს სასურველ ნაკრებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. თუ არ ჩავთვლით ვალენსიასა და ნობოას, გუნდში დანარჩენი ფეხბურთელები ფაქტობრივად საშუალო დონეს ძლივს აკმაყოფილებენ, თუმცა საკმაოდ დაბალანსირებული და გუნდური შემადგენლობის შთაბეჭდილებას ტოვებს. პირველ შეხვედრაში ისინი შვეიცარიას ერთი ბურთით უგებდნენ, თუმცა შემდეგ ოტმარ ჰიტცფელდმა ცვლილებები გამოიცნო და ორი გოლით უპასუხა. დღევანდელ შეხვედრაში სწორედ ეკვადორელები არიან ფავორიტები.
სავარაუდო შემადგენლობები:
ჰონდურასი (4-4-2) : ვალიადარესი - ბეკელესი, ბერნარდესი, ფიგეროა, ისაგირე - ბონეკ გარსია, გარიდო, კლაროსი, ესპინოსა - კოსტლი, ბენტსონი.
ეკვადორი (4-4-2) : დომინგესი - პარედესი, გუაგუა, ერასო, ვ.აიოვი - ა.ვალენსია, გრუესო, ნობოა, მონტერო - ე.ვალენსია, კეისადო.
„ჩვენ დიდი გზა გავიარეთ. ფეხბურთელები და მწვრთნელები ბევრს მუშაობდნენ, რათა აქ მოხვედრილიყვნენ, ამიტომაც, უბრძოლველად დანებებას ნამდვილად არ ვაპირებთ“, - განაცხადა ჰონდურასის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის სუარესმა.
„კარგი ურთიერთობა მაქვს ჰონდურასის გუნდთან. თამაშის შემდეგ, სავარაუდოდ, ბევრს ვისაუბრებთ ერთმანეთში. თუმცა, მოედანზე მეგობრები არ არსებობენ და ეს ნამდვილი ბრძოლა იქნება“, - აღნიშნა ეკვადორელთა თავკაცმა რეინალდო რუედამ.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს ერთმანეთთან 13 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 2 ჰონდურასელთა გამარჯვებით დასრულდა, 8 ფრედ, ხოლო 3-ში ეკვადორმა იმარჯვა.
საინტერესო ფაქტები:
- ეკვადორელთა ამჟამინდელი თავკაცი რეინალდო რუედა ოთხი წლის წინ ჰონდურასის ნაკრებს წვრთნიდა, როცა მან ჯგუფში 3 თამაშში 1 ქულა მოიპოვა.
- ამავდროულად, ჰონდურასის მთავარი მწვრთნელი ლუის სუარესი 2006 წელს ეკვადორს წვრთნიდა და გუნდი 1/8-ფინალში გაიყვანა.
- ტურნირში 7 მატჩის გამმართავ ჰონდურასის ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია (3 ფრე და 4 მარცხი). გუნდი უკვე მეხუთე თამაშია გოლს ვერ იტანს.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 1:2
რჩევა ტოტალიზატორის მოყვარულებს: X2