სტადიონ „პანტალანიზე“, F ჯგუფის მეორეადგილისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს ბოსნია და ნიგერია დაუპირისპირდნენ. ბოსნიელებმა პირველ შეხვედრაში მარცხი არგენტინისგან იგემეს - 2:1. ნიგერიელები კი ირანელებთან ფრეზე გაიყარნენ. ამ შეხვედრაში გამარჯვებული საკმაოდ დიდ ნაბიჯს დგამდა მერვედფინალურ ეტაპზე გასვლისთვის. შეხვედრის წინ, საფეხბურთო ექსპერტთა უმრავლესობა ფავორიტად ბოსნიას მიიჩნევდა.
როგორც ველოდით, შეხვედრა ორმხრივ შეტევებში წარიმართა და გულშემატკივარმა არაერთი საგოლე მომენტი იხილა. 29-ე წუთზე, შეხვედრის ერთადერთი გოლი გავიდა. ემენიკემ ფლანგზე სისწრაფეში სპახიჩი დაჩაგრა, ბურთი ოდემვინგეს მიუვიდა, რომელმაც ზუსტი დარტუმით „არწივები“ წინ გაიყვანა - 1:0.
გატანილ გოლამდე, ერთი თვალშესამჩნევი შეცდომა დაფიქსირდა. ანგარიში ჯეკომ მისიმოვიჩის გადაცემით გახსნა, მაგრამ უკვე მერამდენედ მიმდინარე მუნდიალზე, მსაჯები შეცდნენ და უსამართლო თამაშგარე დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ გვერდითმა არბიტრმა ალამი მხოლოდ და მხოლოდ გატანილი გოლის შემდეგ აწია.
მეორე ნახევარში ჯეკოს ორჯერ მიეცა მეტოქის კარის აღების შანსი, მაგრამ ბალკანელს მიზანმა ორჯერვე უმტყუნა. საბოლოო ჯამში, ბოსნიამ შემდეგ ეტაპზე გასასვლელი ყველა შანსი დაკარგა, ნიგერია კი ცალი ფეხით მერვედფინალშია.
ნიგერია 1:0 ბოსნია
ნიგერია: ენიამა, ოშანივა, იობო, ომერუო, ემბროუზი, ობი მიკელი, ონაზი, ბაბატუნდე (უზოენიე 75’), მუსა (ამეობი 65’), ოდემვინგე, ემენიკე.
ბოსნია: ბეგოვიჩი, მუიჯა, შუნიჩი, სპახიჩი, ბეშიჩი, მისიმოვიჩი, ლულიჩი (სალიხოვიჩი 58’), მედუნიანინი (სუშიჩი 64’), ჰაიროვიჩი (იბიშევიჩი 57’), პიანიჩი, ჯეკო.
გოლი: ოდემვინგე (29’)
გაფრთხილება: მიკელი (81’) - მედუნიანინი (6’)