დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, „მარაკანაზე“ ერთმანეთს ბელგიისა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრას გერმანელი არბიტრი ფელიკს ბრიხი განსჯის.
პირველ შეხვედრაში ბელგიელებმა ალჟირის ნაკრები 2:1 დაამარცხეს და ჯერჯერობით ჯგუფს 3 ქულით ლიდერობენ. რუსები კი სამხრეთ კორეელებთან ფრეზე გაიყარნენ - 1:1. დღევანდელ შეხვედრაში ყოველი ქულა მათთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ბელგიელები შემდეგ ტურში უხერხულ მეტოქეს ხვდებიან სამხრეთ კორეის სახით, ხოლო რუსეთი ალჟირს დაუპირისპირდება.
ბელგიის ეროვნული ნაკრებისგან სრულიად საფეხბურთო სამყარო გაცილებით მეტს ელოდა. მათი შემადგენლობა ნამდვილად დამაჯერებელია. დიდი ალბათობით, „წითელი ეშმაკები“ მატჩის დასაწყისშივე შეურევენ მეტოქეს. რაც შეეხება რუსეთს, კაპელოს გუნდმა სრული პოტენციალი ჯერ ვერ გამოავლინა. ბელგიის ნაკრები მათთვის კარგი საზომი იქნება, რათა თავადაც გაერკვნენ რისი შესაძლებლობა გააჩნიათ.
წინასწარი შემადგენლობები:
ბელგია (4-2-3-1) : კურტუა - ალდერვეირელდი, კომპანი, ვან ბუიტენი, ვერტონგენი - ვიტსელი, ფელაინი - მერტენსი, დე ბრეინე, აზარი - ლუკაკუ.
რუსეთი (4-2-3-1) : აკიფეევი - ეშენკო, ვ.ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, დ.კომბაროვი - დენისოვი, გლუშაკოვი - სამედოვი, ძაგოევი, კოკორინი - კერჟაკოვი.
უნდა აღინიშნოს, რომ ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული არც ერთი ფეხბურთელი არაა.
„რუსეთის ნაკრები გამოცდილი გუნდია, მაგრამ ჩვენ გამარჯვება გვინდა. არასდროს ვთამაშობთ ფრისთვის და მუდამ 3 ქულისთვის ვიბრძვით. ამასთანავე, ჩვენ გამარჯვება გვჭირდება, რათა პლეი ოფში თამაში გავინაღდოთ. იქ მოხვედრა რაც შეიძლება სწრაფად გვსურს“, - განაცხადა ბოსნიელთა თავკაცმა მარკ ვილმოტსმა.
„ბელგიის ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე ყველა გააკვირვა. ეს ძალიან დაბალანსირებული, ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გამოდიან. ბელგია განსაკუთრებით სახიფათოა კუთხურებისა და ჯარიმების დროს. ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ამ გუნდს პატივს ვცემ“, - აღნიშნა რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს ერთმანეთში 3 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც ორი ბელგიელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი ფრედ.
საინტერესო ფაქტები:
- მეკარე ტიბო კურტუა ბელგიის ნაკრების ნამდვილი თილისმაა. მას ჯერ არ წაუგია საერთაშორისო შეხვედრებში (11 გამარჯვება, 10 ფრე, 18-დან 10 მატჩში მშრალი კარი).
- მსოფლიო ჩემპიონატზე უკანასკნელ 8 მატჩში რუსეთმა გოლი მეორე ტაიმში გაიტანა.
- ბელგიას თავისი უკანასკნელი ორი მუნდიალის მანძილზე ჯგუფურ ეტაპზე მატჩი არ წაუგია (1998, 2002) - ხუთი ფრე და ერთი გამარჯვება.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 1:1
რჩევა ტოტალიზატორის მოყვარულებს: 1X