როგორც თბილისის „დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბში 30 წლის ესპანელი ფორვარდი რაფა ჯორდა ჩაირიცხა, რომელმაც განვლილი სეზონის მეორე ნახევარი იტალიის სერია B-ს „სიენაში" გაატარა.
ჯორდა საფეხბურთო კარიერის პირველ ეტაპზე ჯერ „ვალენსიას" ახალგაზრდულ გუნდში, შემდეგ კი „ნუმანსიაში" გამოდიოდა. შემდეგ მის კარიერაში იყო „ბენიდორმი", „ალიკანტე", „ერკულესი" და 2 სეზონი „ლევანტეში", საიდანაც ესპანელი ჩინურ „გუიჩჯოუ ჟენხეში" გადავიდა და თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი და თასის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჯორდას კატალონიის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.
„სასიამოვნოა, რომ „დინამოს" წევრი გავხდი. გუნდის შესახებ ინფორმაციას ჩისკოსგან ვფლობ. მასთან ერთად „ლევანტეში" ვთამაშობდი. ჩისკომ საუკეთესოდ დამიხასიათა „დინამო", კლუბის ინფრასტრუქტურა, აქაური გარემო, ხალხი. ყველანაირად ვარ მომართული ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო", - განაცხადა რაფა ჯორდამ.