ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის მატჩები დასრულდა. მიმდინარე მუნდიალზე უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარეს ესპანეთმა და ავსტრალიამ. მსოფლიო ჩემპიონმა ორი წაგების შემდეგ, მეტოქე არ დაინდო და ავსტრალიელებს გამანადგურებელი ანგარიშით სძლია - 3:0.
პირველი ტაიმი მოსაწყენად დაიწყო, რადგან გუნდებს უმოტივაციობა ეტყობოდათ. 36-ე წუთზე, ანდრეს ინიესტას გამჭოლ გადაცემას ხუანფრანი ფლანგზე გამოეხმაურა და ბურთი კარის ხაზის გასწვრივ გაგზავნა, სადაც დავიდ ვილიამ მაღალი კლასი გამოამჟღავნა და გოლი ქუსლით გაიტანა. - 1:0.
ესპანელთა სათამაშო კლასის უპირატესობა ნათელი იყო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ, 69-ე წუთზე, ფერნანდო ტორესი მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა, რომელსაც სხვაობის გაზრდა არ გასჭირვებია - 2:0. 82-ე წუთზე, რაიანთან პირისპირ ხუან მატა დარჩა, რომელმაც მახვილი კუთხის მიუხედავად, კარის მიმართულებით დაარტყა. ავსტრალიელ კარის დარაჯს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 3:0 დაფიქსირდა.
ამ შეხვედრის შედეგი ვერაფერს ცვლიდა, ესპანეთი და ავსტრალია 2014 წლის მუნდიალს დაემშვიდობნენ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონმა კარი მეფურად გაიჯახუნა.
ავსტრალია 0:3 ესპანეთი
ავსტრალია: რაიანი, უილკინსონი, მაკგოვანი, დევიდსონი, სპირანოვიჩი, ბოზანიჩი (ნრეშიანო 72'), იედინაკი, მაკაი, ოარი (ტროიზი 62'), ლეკი, ტაგარტი (ჰალორანი 46').
ესპანეთი: რეინა, ხუანფრანი, ალბიოლი, რამოსი, ალბა, ალონსო (სილვა 84'), კოკე, ვილია (მატა 56'), ინიესტა, კასორლა (ფაბრეგასი 68'), ტორესი.
გოლები: ვილია (36'), ტორესი (69'), მატა (82').
გაფრთხილება: სპირანოვიჩი (88'), იედინაკი (90+2') - რამოსი (62').