ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა გაირკვა. ჰოლანდიას ჩილესთან დაპირისპირებაში ფრეც ხელს აძლევდა, მაგრამ მეტოქე 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე მექსიკას დაუპირისპირდება.
ვან გაალს სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდა: ვან პერსის დისკვალიფიკაცია ჰქონდა, მარტინს ინდი კი - ტრავმირებულია. რაც შეეხება ჩილეს ეროვნულ ნაკრებს, არტურო ვიდალი 100%-ით მზად არ იყო სათამაშოდ და ხორხე სამპაოლიმ მისი დასვენება გადაწყვიტა.
პირველმა ტაიმმა უღიმღამოდ ჩაიარა. „ლომები“ მეორე ნომრად თამაშობდნენ, ჩილელთა შეტევები კი სასურველ დასასრულს ვერ აღწევდა. ერთადერთი სახიფათო მომენტი ფილიპე გუტიერესმა შექმნა, მაგრამ მისი თავური კარს მცირე მანძილით ასცდა. ჰოლანდიელთაგან კი მხოლოდ რობენის გარღვევა იყო გამოსარჩევი, თუმცა მიუნხენის „ბაიერნის“ გარემარბის დარტყმული არაზუსტი გამოდგა.
შეხვედრის მეორე ნახევარში სათამაშო ტემპი კიდევ უფრო შენელდა. ჩილელთაგან გოლის გატანას ალექსის სანჩესი გამუდმებით ცდილობდა, მაგრამ თანაგუნდელები მას ვერ უგებდნენ. ვან გაალმა მეორე ნახევარში ცვლილებები გამოიცნო. 75-ე წუთზე შემოსულმა ფერიმ ზუსტად ორ წუთში ანგარიში ზუსტი თავურით გახსნა - 1:0. არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე, არიენ რობენი კონტრშეტებაზე გაიჭრა და მარცხენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში შეაგდო, სადაც ახლო მანძილიდან, ასევე შეცვლაზე გამოსულმა დეპაიმ მეტოქის კარი აიღო.
საბოლოოდ, ჰოლანდია ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა და მერვედფინალში მექსიკას დაუპირისპირდება, მეორეადგილოსანი ჩილე კი ბრაზილიასთან მოსინჯავს ძალებს.
ჰოლანდია 2:0 ჩილე
ჰოლანდია: სილესენი, იანმაატი, ვლაარი, დე ვრეი, ბლინდი, დე იონგი, სნეიდერი (ფერი 75’), კუიტი (კონგოლი 88’), ვიინალდუმი, ლენსი (დეპაი 69’), რობენი.
ჩილე: ბრავო, ისლა, მედელი, ხარა, მენა, დიასი, სილვა (ვალდივია 70’), არანგისი, გუტიერესი (ბოსეჟური 46’), სანჩესი, ვარგასი (პინილია 81’).
გოლები: ფერი (77’), დეპაი (90+2’).
გაფრთხილებები: სილვა (25’), ბლინდი (64’).
მთავარი არბიტრი: გასამა (ზამბია)