დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, D ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს კოსტა რიკა და ინგლისი დაუპირისპირდებიან. შეხვედრას ალჟირელი არბიტრი ჯამელ ჰაიმუდი განსჯის.
ვერავინ წარმოიდგენდა, თუ კოსტა რიკა „სიკვდილის ჯგუფში“ ქულას მაინც აიღებდა, მაგრამ ხორხე ლუის პინტომ ნამდვილი სასწაული წარმოგვიდგინა, საოცარად შეთამაშებული გუნდი გამოიყვანა მუნდიალზე და პირველ ორ შეხვედრაში Top-გუნდებთან (ურუგვაი, იტალია) გამარჯვებები მოიპოვა. კოსტა რიკამ (6 ქულით) მერვედფინალში ასპარეზობის უფლება წინასწარ გაინაღდა, ახლა კი უშანსოდ დატოვებულ ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელსაც ნამდვილად არ სურს მსოფლიო ჩემპიონატის 0 ქულით დატოვება.
როი ჰოჯსონის გუნდს ორივე შეხვედრაში ჰქონდა გამარჯვების შანსი, თუმცა ბრიტანელებს ბედმა უმტყუნა და 0 ქულით ჯგუფის ფსკერზე იმყოფებიან. ერთი რამ ფაქტია, ინგლისელები დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლებენ და წასვლის წინ, კარის გაჯახუნებას შეეცდებიან.
წინასწარი შემადგენლობები:
კოსტა რიკა (3-4-2-1) : ნავასი - დუარტე, გონსალესი, მილერი - აკოსტა, კუბერო, ტეხედა, ფრენსისი - კალვო, ბარენტესი - ურენია.
ინგლისი (4-2-3-1) : ფორსტერი - ჯონსი, კეჰილი, სმოლინგი, შოუ - უილშირი, ლემპარდი - მილნერი, ბარკლი, ლალანა - სტარიჯი.
ტრავმირებულები: ოკსლეიდ-ჩემბერლენი (ინგლისი)
„ფეხბურთის მომგონებლებს არ შეუძლიათ ტურნირი უქულოდ დატოვონ, ამიტომაც, ძალიან გაგვიჭირდება. ინგლისი ამაყი უნდა იყოს და ხელები არ უნდა დაწიოს. ყურადღებით უნდა ვითამაშოთ“, - განაცხადა კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე ლუის პინტომ.
„ჩვენ ბრძოლა ჯგუფის ლიდერთან მოგვიწევს, რომელმაც სრულიად გადაატრიალა სიტუაცია. უნდა დავამტკიცოთ, რომ კოსტა რიკასთან კონკურირების შესაძლებლობა გაგვაჩნია. ეს მატჩი ჩვენი ღირსების დემონსტრირება იქნება. ბევრი ფეხბურთელი მიიღებს შანსს დაამტკიცოს, რომ მომავალში გუნდისთვის საჭირო მოთამაშე იქნება“, - აღნიშნა ინგლისელთა თავკაცმა როი ჰოჯსონმა.
აღსანიშნავია, რომ გუნდებს აქამდე ურთიერთშეხვედრები არ აქვთ.
საინტერესო ფაქტები:
- ინგლისს არასოდეს წაუგია მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი. 1958 წლიდან მოყოლებული, ინგლისი პირველად ეთიშება მუნდიალს ჯგუფურ ეტაპზე.
- მწვრთნელის რანგში როი ჰოჯსონმა მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი ოთხი მატჩი წააგო (ორი შვეიცარიასთან 1994 წელს და ორი ინგლისთან ახლა).
- კოსტა რიკა მუდამ ნამდვილად ვერ იგებდა ევროპული გუნდების წინააღმდეგ შეხვედრებში, მაგრამ ყოველთვის გაჰქონდა მათ კარში მინიმუმ 1 გოლი.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 1:3