გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, როცა ურუგვაიმ იტალიას სძლია და მერვედფინალში ასპარეზობის საშუალება მოიპოვა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია. როგორც ირკვევა, ერთ-ერთ ნორვეგიელ მამაკაცს მუნდიალის დაწყებამდე ტოტალიზატორში საინტერესო ფსონი გაუკეთებია - მას 175 ნორვეგიული კრონი დაუდია იმაზე, რომ სუარესი ბრაზილიაში გასამართ ტურნირზე რომელიმე ფეხბურთელს აუცილებლად უკბენდა.
კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ ნორვეგიულმა ტოტალიზატორმა ასეთ ფსონს კოეფიციაენტად მხოლოდ და მხოლოდ 32 მისცა. როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოელოდა ლუისის არაადეკვატურ საქციელს. შეგახსენებთ, რომ გუშინდელ შეხვედრაში სუარესმა კიელინი „დაკბინა". ეს მისი პირველი კბენა არ არის, აქამდე იგი „ჩელსის" მცველ ივანოვიჩს იმავე მეთოდით გაუსწორდა, რის გამოც 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
შედეგად, ლუის სუარესის საქციელმა ნორვეგიელ მამაკაცს 5600 კრონი მოაგებინა, რაც დაახლოებით 2000 დოლარია.