გუშინ, თბილისის დროით 20:00 საათზე, ერთმანეთს D ჯგუფის პირველადგილოსანი კოსტა რიკა და ორი მატჩის შემდეგ, ჯგუფში ჩარჩენილი ინგლისის ნაკრები დაუპირისპირდნენ. შეხვედრისგან ბევრს ალბათ არავინ მოელოდა. კოსტა რიკელებს განაღდებული ჰქონდათ მერვედფინალში ასპარეზობა და ბრიტანელებს თავს რომ არ შეაკლავდნენ ნათელი იყო, ინგლისს კი პრესტიჟის ქულები სჭირდებოდა, თუმცა დაგეგმილი გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.
მატჩის წინ როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ კოსტა რიკასთან მატჩში ის ფეხბურთელები ითამაშებდნენ, რომელთაც აქამდე თამაშის საშუალება ან არ მისცემიათ, ან შეცვლაზე გამოვიდნენ. ასეც მოხდა, ბრიტანელთა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ კეჰილი, ლემპარდი და სტარიჯი ვიხილეთ, დანარჩენები კი ის ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელები არიან, რომლებზეც მომავალი გუნდი უნდა აიგოს.
შეხვედრაში საინტერესო არაფერი მომხდარა. ეს ერთ-ერთი ყველაზე არასანახაობრივი მატჩი იყო მიმდინარე მუნდიალზე. დაპირისპირება ფრედ - 0:0 დასრულდა, კოსტა რიკა მერვედფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება, როი ჰოჯსონის შეგირდები კი სამშობლოში 1 ქულით დაბრუნდებიან.
ურუგვაისთან გუშინდელი მარცხის შემდეგ, იტალიელთა თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ პოსტი დატოვა, ინგლისური ფეხბურთის ასოციაციამ კი როი ჰოჯსონის ნაკრების სათავეში დარჩენა 2016 წლამდე გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი ფრენკ ლემპარდისთვის უკანასკნელი უნდა ყოფილიყო ნაკრების მაისურით, თუმცა მატჩის შემდეგ, პრესკომფერენციაზე ჰოჯსონმა აღნიშნა, რომ ჯერარდისა და ლემპარდის იმედი მომავალშიც აქვს.
კოსტა რიკა 0:0 ინგლისი
კოსტა რიკა: ნავასი, მილერი, დიასი, დუარტე, გამბოა, გონსალესი, ბორხესი (ბარანტესი 78’), ტეხედა, რუისი, ბრენესი (ბოლანიოსი 59’), კემპბელი (ურენია 65’).
ინგლისი: ფორსტერი, კეჰილი, სმოლინგი, ჯონსი, შოუ, ლემპარდი, მილნერი (რუნი 76’), ლალანა (სტერლინგი 62’), უილშირი (ჯერარდი 73’), ბარკლი, სტარიჯი.
გაფრთხილებები: გონსალესი (60’), ბარკლი (53’), ლალანა (57’).
მთავარი არბიტრი: ჯამელ ჰაიმუდი (ალჟირი)