reportiori.ge - ურუგვაიმ იტალია „დაკბინა“ და პლეი ოფში გავიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 14:29
სპორტი
ურუგვაიმ იტალია „დაკბინა“ და პლეი ოფში გავიდა
25 ივნისი, 2014. 13:58



ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის უდაოდ ცენტრალურმა შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა. ერთმანეთს ურუგვაი და იტალია ჯგუფიდან გამსვლელის ვინაობის დასადგენად დაუპირისპირდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ ტაბლოზე სამხრეთამერიკელთა სასარგებლოდ - 1:0 დაფიქსირდა. კოსტა რიკა და ურუგვაი მერვედფინალში იასპარეზებენ, ინგლისი და იტალია კი სახლში გაემგზავრებიან.

 

იტალიელებმა შეხვედრა შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობით დაიწყეს. ჩეზარე პრანდელის გოლის გატანა და ყველაფრისთვის წერტილის დასმა სურდა, მაგრამ მარიო ბალოტელი და ჩირო იმობილე საკმაოდ პასიურად მოქმედებდნენ. „მილანის“ ფორვარდმა თავი მხოლოდ იმით დაგვამახსოვრა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც იგი შეცვალეს. მეორე ტაიმში გამოსულმა ანტონიო კასანომაც ვერ გააკეთა რაიმე ხეირიანი. „სკუადრა აძურას“ ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის გამორჩევაც შეიძლება, ვეტერანი ანდრეა პირლოა, რომელიც ჩვეულად ვერ ბრწყინავდა, მაგრამ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. უნდა აღინიშნოს ჯიჯი ბუფონის ბრწყინვალე თამაშიც. „იუვენტუსის“ კარის დარაჯმა, ასაკის მიუხედავად, რამდენიმე ეპიზოდში საოცარი რეაქცია გამოავლინა და იტალიის ნაკრები არაერთხელ იხსნა გაშვებული გოლისგან.

 

ურუგვაელთა მხრიდან შეტევაში კარგად თამაშობდნენ როდრიგესი, კავანი და სუარესი, თუმცა მათ წნეხის ქვეშ თამაში და დაძაბულობა ნამდვილად ეტყობოდათ, რაც გადამწყვეტ მომენტში არაზუსტი დარტყმით ან ნაჩქარევი ქმედებით გამოიხატებოდა. სამხრეთამერიკელთათვის ყველაფერი მას შემდეგ დალაგდა, რაც 59-ე წუთზე, მატჩის არბიტრმა თამაშის წესის დარღვევისთვის მარკიზიო გააძევა. კაცნაკლულ იტალიაზე ურუგვაის უპირატესობა გამოიკვეთა, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ და მხოლოდ 81-ე წუთზე, გოდინის თავური დარტყმით მოხერხდა. გოდინი შესაძლოა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნიოთ არა მარტო გატანილი გოლის გამო, „ატლეტიკოს“ მცველმა უკანა ხაზზეც ბრწყინვალედ და დამაჯერებლად ჩაატარა შეხვედრა.

 

დარჩენილ დროში ურუგვაის კიდევ მიეცა მეტოქის კარის აღების რამდენიმე შანსი, თუმცა სუარესს იმდენად სურდა აქტივში გატანილი გოლის მითვლა, რომ საგოლე პასის გაკეთებას აგვიანებდა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ლუის სუარესი იტალიელთა მცველ ჯორჯო კიელინიზე კბილებით გაიწია, მაგრამ მექსიკელმა არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. ეს ფაქტი უდაოდ გახდება მსჯელობის საგანი.

 

იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ზედიზედ მეორედ ვერ დაძლია, ურუგვაი კი მერვედფინალში კოლუმბიის წინააღმდეგ იასპარეზებს.

 

იტალია  0:1  ურუგვაი

 

იტალია: ბუფონი, კიელინი, ბონუჩი, ბარძალი, დე შილიო, მარკიზიო, ვერატი (მოტა 75’), დარმიანი, პირლო, ბალოტელი (პაროლო 46’), იმობილე (კასანო 71’).

 

ურუგვაი: მუსლერა, ა.პერეირა (სტუანი 63’), გოდინი, ხიმენესი, კასერესი, როდრიგესი (რამირესი 78’), არევალო, გონსალესი, ლოდეირო (მ.პერეირა 46’), კავანი, სუარესი.

 

გოლი: გოდინი (81’)

 

გაფრთხილებები: ბალოტელი (23’), არევალო (46’), დე შილიო (77’), მუსლერა (90+2’).

 

მთავარი არბიტრი: მარკო ანტონიო როდრიგესი (მექსიკა)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016