გუშინ, თბილისის დროით 00:00 საათზე, ჯგუფიდან გასვლისთვის საბერძნეთი და კოტ დ’ივუარი ერთმანეთს შეერკინენ. საბერძნეთს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, აფრიკელებს კი პლეი ოფში სათამაშოდ ფრეც ხელს აძლევდა.
გუშინდელ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გაგვაოცა საბერძნეთის სათამაშო სტილმა. გუნდში დღესაც ირიცხებიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც 2004 წელს ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს. ასაკის მიუხედავად, ისინი არ ღალატობენ თავიანთ პრაგმატულ და უღიმღამო სათამაშო სტილს. ალბათ ბევრს უკვირს, თუ როგორ ახერხებს ეს ნაკრები ამ დონის ტურნირებზე გამოსვლას, მაგრამ ბერძენთა საიდუმლო რეცეპტი არც ისე საოცარია.
ფერნანდუ სანტუში დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას, კონტრშეტევებისთვის კი ძალიან სწრაფი სამარასი და სალპინგიდისი ჰყავს, რომელთაც ბურთის სწრაფად გადატანა შეუძლიათ დაცვიდან შეტევაში. ამრიგად, მათი დაცვის გარღვევა და დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა არც ისე მარტივია, თავად კი საკმაოდ ბევრი შანსი ექმნებათ მეტოქის კარის ასაღებად, სწორედ ამაზე მეტყველებს კოტ დ’ივუართან თამაშის სტატისტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთი ძირითადად ბერძენთა ნახევარზე იყო, კარისკენ დარტყმების რაოდენობით საბერძნეთმა იმარჯვა.
საბერძნეთის ნაკრებს მომენტალური აფეთქებებიც ახასიათებს, რა დროსაც მთელი გუნდი შეტევაში გადადის და მეტოქის კარს ბომბავს. ამ დროს „მეკობრეთა გემს“ ხშირად უმართლებს და გოლის გატანასაც ახერხებს.
პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე, სამარისმა კონტრშეტევაზე დაიჭირა აფრიკელები, თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა და ანგარიში გახსნა - 1:0. მეორე ტაიმის დასაწყისში კოტ დ’ივუარელები ინიციატივას დაეუფლენ. 74-ე წუთზე ბონიმ წონასწორობა აღადგინა და თითქოს ყველაფერი ასე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არბიტრის მიერ დამატებულ დროში ბერძნებმა მეტოქის საჯარიმოსთან მოიყარეს თავი და რამდენიმე სახიფათო შეტევაც წამოიწყეს. ერთ-ერთი მათგანის დროს, საჯარიმოში წაიქცა გლაზგოს „სელტიკის“ გამოცდილი ფორვარდი გიორგიოს სამარასი. თამაშის წესის დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ ბერძენმა შეცვლაზე შემოსული სიო მოძრაობაზე დაიჭირა, მის ფეხს წამოეგო და თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულების უფლება მოიპოვა. გიორგიოსმა თავად შეასრულა გადამწყვეტი დარტყმა, გოლი გაიტანა და ბერძნები პლეი ოფში გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მუნდიალზე ვერაფრით გამოირჩა დიდიე დროგბა, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში 78 წუთი ჩაატარა. საბერძნეთმა კი, აფრიკელები სამარისისა და სამარასის გოლებით დაასამარა.
საბერძნეთი 2:1 კოტ დ’ივუარი
საბერძნეთი: კარნეზისი (გლიკოსი 24’), ჰოლებასი, ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, მანოლასი, კარაგუნისი (გეკასი 78’), ხრისტოდულოპულოსი, კონე (სამარისი 42’), მანიატისი, სამარასი, სალპინგიდისი.
კოტ დ’ივუარი: ბარი, კოლო ტურე, ბოკა, ბამბა, ორიე, იაია ტურე, ტიოტე (ბონი 61’), სეეი დიე, დროგბა (დიომანდე 78’), კალუ, ჟერვინიო (სიო 83’).
გოლები: სამარისი (42’), ბონი (74’), სამარასი (90+3’, პენ.).
გაფრთხილებები: დროგბა (37’), კალუ (62’), სერეი დიე (70’).
მთავარი არბიტრი: კარლოს ვერა (ეკვადორი)