ნიგერიასთან მატჩის წინ, არგენტინის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ალეხანდრო საბელიამ განაცხადა, რომ სურს მისი ნაკრები რაც შეიძლება ნაკლებად იყოს ლიონელ მესიზე დამოკიდებული.
პირველ ორ ტურში, სწორედ მესის გოლების წყალობით შეძლეს არგენტინელებმა გამარჯვებების მოპოვება. ახლა, როცა საბელიას გუნდმა პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, მთავარი მწვრთნელის თქმით, იგი იმაზე იმუშავებს, რომ ყველა ფეხბურთელი ისე ათამაშდეს, როგორც ერთი მთლიანობა და იმედები მხოლოდ მესიზე არ იყოს დამყარებული.
„როცა გუნდში ლიონელ მესი გყავს, რა თქმა უნდა, მის მიმართ გარკვეული ყურადღებაა. ჩვენ ვცდილობთ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ვფიქრობ, რომ თითოეული მოთამაშისთვის ეს გამოსადეგი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში ერთად ვიმოქმედებთ და მხოლოდ ლიონელის იმედად აღარ ვიქნებით.
მესი თავის საქმეს კარგად ართმევს თავს. პირველ ორ შეხვედრაში სწორედ იგი მიუძღვოდა გუნდს, რის გამოც, მხოლოდ მადლობელი ვარ მისი.
მეტი მობილურობა და მრავალფეროვნებაა საჭირო თავდასხმასა და ნახევარდაცვაში. რაც შეეხება ნიგერიას, ეს ძალიან რთული მეტოქეა, მაგრამ შევეცდებით მასზე გამარჯვებას“, - განაცხადა არგენტინელთა თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ნიგერიას დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება.