დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სტადიონ „ბეირა-რიოზე“, არგენტინის ნაკრები ნიგერიას დაუპირისპირდება. შეხვედრას იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი განსჯის.
არგენტინელებმა, არცთუ დამაჯერებლად, მაგრამ ორივე თამაში მოიგეს და ჯგუფიდან 9 ქულით გასვლას გეგმავენ. საბელიამ მატჩის წინ აღნიშნა, რომ სურს საკუთარი გუნდი მეტად შეათამაშოს, რათა ლიონელ მესიზე ნაკლებად დამოკიდებული გახადოს. ამ შემთხვევაში კრიტიკულ სიტუაციებში სხვა ფეხბურთელებიც შეძლებენ სიტუაციიდან გამოძრომას და თავად მესისაც გაცილებით შეეხსნება ხელ-ფეხი.
რაც შეეხება ნიგერიას, ისინი ახლა 4 ქულით, მეორე ადგილზე იმყოფებიან. ირანის გამარჯვებისა და ნიგერიის მარცხის შემთხვევაში, აფრიკელები პლეი ოფს მიღმა დარჩებიან. ასე რომ, ნიგერია დღეს ჯგუფიდან გაღწევისთვის იბრძოლებს.
წინასწარი შემადგენლობები:
ნიგერია (4-2-3-1): ენიამა - ემბროუზი, იობო, ობოაბონა, ოშანივა - მიკელი, ონაზი - მუსა, ოდემვინგი, ბაბატუნდე - ემენიკე.
არგენტინა (4-2-3-1): რომერო - საბალეტა, ფ.ფერნანდესი, გარაი, ბასანტა - მასკერანო, გაგო - დი მარია, მესი, ლავეცი - აგუერო.
ტრავმირებული: ობოაბონა (კითხვის ნიშნის ქვეშ)
არც ერთი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული არაა.
„ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ საკმაოდ კარგები არიან მსოფლიო ჩემპიონატისთვის, მაგრამ ახლა ისეთი მატჩი გველის, სადაც საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ. მატჩის შედეგი შიშს იწვევს, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება“, - განაცხადა ნიგერიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივენ კეშიმ.
„თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. უფრო მობილურები უნდა ვიყოთ მეტოქის დაცვის ხაზში ხვრელების აღმოსაჩენად. ჩვენს მეტოქეს კარგი შეტევის ხაზი ჰყავს, რომელსაც სწრაფად შეუძლია შეტევაში გადასვლა“, - აღნიშნა არგენტინელთა თავკაცმა ალეხანდრო საბელიამ.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს ერთმანეთში 6 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 1 ნიგერიელებმა მოიგეს, 4 არგენტინელებმა, ხოლო 1 ფრედ დასრულდა.
საინტერესო ფაქტები:
- ნიგერია ერთადერთი გუნდია მიმდინარე მუნდიალზე, რომელსაც ჯერ არ გაუშვია გოლი. საერთო ჯამში, „სუპერარწივებს“ 221 წუთი აქვთ კარი მშრალად შენახული.
- ჯგუფურ ეტაპზე უკანასკნელი 14 მატჩიდან არგენტინელებმა 11-ში გამარჯვება მოიპოვეს, საერთო შედეგით 27:5.
- 1990 წლის მუნდიალზე კამერუნის წინააღმდეგ განთქმული შეხვედრის შემდეგ, არგენტინას აფრიკულ გუნდთან არ წაუგია.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 0:2