დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სტადიონ „ფორტე-ნოვაზე“, ერთმანეთს ბოსნია და ირანი დაუპირისპირდებიან. შეხვედრას ესპანელი არბიტრი ველასკო კარბალიო განსჯის.
ბოსნიელები მუნდიალის დაწყებამდე ჯგუფიდან გასვლის კანდიდატებად მოიაზრებოდნენ, მაგრამ კარგი თამაშის მიუხედავად, მათ ორივე შეხვედრაში მარცხი განიცადეს და ახლა მხოლოდ პრესტიჟის ქულების მოპოვებაღა დარჩენიათ. იმავეს ვერ ვიტყვით მათ მეტოქეზე. ირანისგან სიურპრიზებს ალბათ არავინ ელოდა, მაგრამ მათ ნიგერიასთან პირველ შეხვედრაში ფრე ითამაშეს, არგენტინასთან ბოლო წუთზე გაშვებული გოლის წყალობით წააგეს და ახლა 1 ქულით მესამე ადგილს სჯერდებიან. თუ პარალელურ შეხვედრაში ნიგერია დამარცხდება, ხოლო ირანი გამარჯვებას მოიპოვებს, აზიელებს პლეი ოფში ვიხილავთ.
წინასწარი შემადგენლობები:
ბოსნია (4-3-1-2): ბეგოვიჩი - მუიჯა, შუნიჩი, სპასიჩი, ლულიჩი - ბეშიჩი, მედუნიანინი, პიანიჩი - მისიმოვიჩი - იბიშევიჩი, ჯეკო.
ირანი (4-2-3-1): ა.ჰაგიგი - მონტაზერი, სადეგი, ჰოსეინი, პოლადი - ტეიმურიანი, ნეკუნამი - ჰეიდარი, ჰაისაფი, დეჟაგა - გუჩანეჯადი.
ორთავე გუნდის ფეხბურთელები, ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების გარეშე, სრულ მზადყოფნაში არიან.
„ჩვენ ყველა ველოდით, რომ ეს მატჩი იქნებოდა ჩვენი პლეი ოფის ბილეთი, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ უბრალოდ ვემშვიდობებით მსოფლიო ჩემპიონატს. სასურველია, რომ მუნდიალი დადებითი შედეგით დავტოვოთ“, - განაცხადა ბოსნიელთა თავკაცმა საფიტ სუშიჩმა.
„ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება გველის. ჩვენი მთავარი მიზანია საკუთარი თამაშის ჩვენება და გამარჯვება. დანარჩენი ღმერთის ხელებშია“, - აღნიშნა ირანის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს ერთმანეთში 5 შეხვედრა აქვთ ჩატარებული, საიდანაც 4 ფრედ დასრულდა, ერთი კი ირანმა მოიგო.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 1:1