გუშინ, თბილისის დროით 20:00 საათზე, F ჯგუფიდან პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა გაირკვა. ერთმანეთს ნიგერია და არგენტინა დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. პორტუ ალეგრიში შეკრებილმა გულშემატკივარმა 5 გატანილი ბურთი იხილა.
არგენტინელთაგან კვლავ გამოირჩა ლიონელ მესი, რომელმაც დუბლი შეასრულა. „ბარსელონას" ფორვარდს მიმდინარე მუნდიალზე აქტივში უკვე ოთხი გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ბრაზილიელ ნეიმართან ერთად დაწინაურდა. სამხრეთამერიკელებმა სამ შეხვედრაში 9 ქულა მოიპოვეს და პლეი ოფში პირველი ადგილით გავიდნენ. მესის გარდა, გუშინდელ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი 50-ე წუთზე, როხომ გაიტანა.
ნიგერიელებმა საკმაოდ კარგად ითამაშეს და არგენტინას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ორჯერ შეძლეს წონასწორობის აღდგენა, თუმცა საბოლოოდ, მაინც დამარცხდნენ. პარალელურ შეხვედრაში ბოსნიამ ირანს სძლია და არგენტინასთან წაგების მიუხედავად, აფრიკელები მერვედფინალში გავიდნენ, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდებიან. გუშინდელ შეხვედრაში, მესის მსგავსად, დუბლი შეასრულა მუსამ.
ნიგერია 2:3 არგენტინა
ნიგერია: ენიამა, იობო, ამბროუსი, ოშანივა, ომერუო, ობი მიკელი, ონაზი, ბაბატუნდე (უჩებო 66'), მუსა, ოდემვინგე (ნვოფორი 80'), ემენიკე.
არგენტინა: რომერო, გარაი, საბალეტა, როხო, ფერნანდესი, გაგო, დი მარია, მასკერანო, იგუაინი (ბილია 90'), მესი (რიკი ალვარესი 63'), აგუერო (ლავეცი 38').
გოლები: მესი (3'), მუსა (4'), მესი (45'), მუსა (47'), როხო (50').
გაფრთხილებები: ომერუო (49'), ოშანივა (51')
მთავარი არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)