როგორც თბილისის „დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ქართული ფეხბურთის ფლაგმანის ღირსებას 31 წლის ჩეხი ცენტრალური მცველი - რადიკ დოსოუდილი დაიცავს. იგი უკანასკნელი 2 სეზონის მანძილზე „მლადა ბოლესლავის" ღირსებას იცავდა, რომელიც ჩეხეთის პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
„დინამოს" ახალწვეული 5 წლის მანძილზე სლოვაკეთში გამოდიოდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი ჯერ „პეტრჟალკას" შემადგენლობაში, შემდეგ კი ბრატისლავის „სლოვანის" რიგებში გახდა.
დოსოუდილი პრაღის „სპარტას" აღზრდილია. მას „სლავიაშიც" აქვს ნათამაშები, როდესაც გუნდი ჩეხეთის ჩემპიონი გახდა. იყო თურქულ „დენიზლიშიც". ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში არის 2003 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მონაწილე.
„ძალიან გამიხარდა, როდესაც „დინამოდან" დამიკავშირდნენ. „დინამო" ძალიან კარგი გუნდია. სასიამოვნოა, რომ გუნდში ჩეხი მწვრთნელები მუშაობენ. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლის შანსი გვაქვს", - განაცხადა რადეკ დოსოუდილმა.
უკანასკნელ სეზონში რადეკმა 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.