დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, „არენა და ბაიშადაზე", ალჟირის ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. შეხვედრას თურქი არბიტრი ჯუნეით ჩაკირი განსჯის.
მუნდიალის დაწყებამდე, ალჟირის ეროვნულ ნაკრებს ჯგუფის ბოლოადგილოსნობას უწინასწარმეტყველებდნენ. ბელგიასთან მარცხის შემდეგ (2:1) ჰალილჰოჯიჩის შეგირდებმა ყველა გააოცეს და სამხრეთ კორეას დამაჯერებელი ანგარიშით სძლიეს (4:2). ახლა ალჟირი (3 ქულით) მეორე ადგილზე იმყოფება და პლეი ოფში გასვლის დიდი შანსი აქვს.
რუსეთის ნაკრების სტარტს წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. სამხრეთ კორეასთან ფრეზე გაყრის შემდეგ (1:1), რუსებმა ბელგიასთან მარცხი განიცადეს (0:1) და ახლა 1 ქულით, მერვედფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებენ. ამისათვის კაპელოს შეგირდებმა ალჟირზე გამარჯვება უნდა მოიპოვონ.
წინასწარი შემადგენლობა:
ალჟირი (4-2-3-1): მბოლი - მანდი, ბუგერა, ალიში, მესბა - მეჯანი, ბენტალები - ფეგული, ბრაიმი, ჯაბუ - სლიმანი.
რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - კოზლოვი, ბ.ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, დ.კომბაროვი - ფაიზულინი, გლუშაკოვი - სამედოვი, კანუნიკოვი, შატოვი - კოკორინი.
ტრავმა აწუხებს კოზლოვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გუნდს დაეხმარება.
„ვფიქრობ, რომ სწორედ ახლა შეუძლია ალჟირს საკუთარი ისტორიის დაწერა. რუსეთთან დაპირისპირებაში სასურველი შედეგის შემთხვევაში პლეი ოფში გავალთ. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა ალჟირის ისტორიაში. ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც მზად არიან თავიანთი დონე აჩვენონ", - განაცხადა ალჟირის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩმა.
„ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. ყველამ ვიცით, რომ ამ ტემპში უნდა განვაგრძოთ. ვფიქრობ, რომ წინ ტაქტიკური თვალსაზრისით დაპირისპირება გველის. მუდამ შეტევაზე ვაკეთებთ აქცენტს და არც ახლა ვუღალატებთ ამ სტილს. მადლობელი ვარ ალჟირის მწვრთნელის იმ სიტყვების გამო, რაც ჩემი მისამართით განაცხადა და უნდა ვაღიარო, რომ მან კარგი სამუშაოები გასწია თავის გუნდში", - აღნიშნა რუსეთის თავკაცმა ფაბიო კაპელომ.
აღსანიშნავია, რომ ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაა.
საინტერესო ფაქტები:
- მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი ორი თამაში აფრიკელების წინააღმდეგ რუსებმა მოიგეს.
- სამხრეთ კორეაზე გამარჯვებით ალჟირმა მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
- უკანასკნელი 8 გოლი ალჟირმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტაიმში გაუშვა.
- ალჟირი ერთადერთი აფრიკული გუნდია, რომელმაც 3-ზე მეტი გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 0:1