გუშინ, 26 ივნისს, ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი მატჩები დასრულდა. Reportiori.ge გთავაზობთ მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩის სტატისტიკასა და საერთო ანალიზს.
A ჯგუფი:
ბრაზილია 3:1 ხორვატია
მექსიკა 1:0 კამერუნი
ბრაზილია 0:0 მექსიკა
კამერუნი 0:4 ხორვატია
კამერუნი 1:4 ბრაზილია
ხორვატია 1:3 მექსიკა
მუნდიალის დაწყებამდე, ჯგუფიდან გასვლის კანდიდატებად ბრაზილიასა და ხორვატიას ვარაუდობდნენ, თუმცა მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობა და გუნდური ფეხბურთი წარმოგვიდგინა. საბოლოოდ, ბრაზილია და მექსიკა (7-7 ქულით) შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, ხორვატია და კამერუნი კი ჯგუფში ჩარჩნენ.
B ჯგუფი:
ესპანეთი 1:5 ჰოლანდია
ჩილე 3:1 ავსტრალია
ავსტრალია 2:3 ჰოლანდია
ესპანეთი 0:2 ჩილე
ავსტრალია 0:3 ესპანეთი
ჰოლანდია 2:0 ჩილე
ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩებოდა, ჩილესგან კი კარგ თამაშს ყველა მოელოდა, მაგრამ თუკი ასეთ სიურპრიზს შემოგვთავაზებდნენ და ესპანელებს ჯგუფში ჩატოვებდნენ, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად დასაჯერებელი იყო. ჰოლანდიისგანაც ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ ჯგუფს 9 ქულით მოიგებდნენ. საბოლოოდ, ჰოლანდია (9 ქულით) და ჩილე (6 ქულით) პლეი ოფში ითამაშებენ, ესპანეთი და ავსტრალია კი, შინისკენ გაემგზავრებიან.
C ჯგუფი:
კოლუმბია 3:0 საბერძნეთი
კოტ დ'ივუარი 2:1 იაპონია
კოლუმბია 2:1 კოტ დ'ივუარი
იაპონია 0:0 საბერძნეთი
საბერძნეთი 2:1 კოტ დ'ივუარი
იაპონია 1:4 კოლუმბია
კოლუმბიელებს ჯგუფის ფავორიტებად მიიჩნევდნენ და საკმაოდ საფუძვლიანადაც. რადამელ ფალკაოს გარეშეც, გუნდმა შეთამაშებული და ლაღი ფეხბურთი წარმოგვიდგინა, რის შედეგადაც 9 ქულით პირველი ადგილი მოიპოვა. მეორეადგილოსნად კოტ დ'ივუარს ვარაუდობდნენ, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ბერძნებმა კლასის ხარჯზე აფრიკელები დაამარცხეს და მეორე ადგილით (4 ქულით), მერვედფინალში გაიჭრნენ. კოტ დ'ივუარი და იაპონია ჯგუფში ჩარჩნენ.
D ჯგუფი:
ურუგვაი 1:3 კოსტა რიკა
ინგლისი 1:2 იტალია
ურუგვაი 2:1 ინგლისი
იტალია 0:1 კოსტა რიკა
კოსტა რიკა 0:0 ინგლისი
იტალია 0:1 ურუგვაი
„სიკვდილის ჯგუფში" ნამდვილი სასწაული მოხდა. კოსტა რიკამ ყველა გააოცა, ჯგუფის ორი ფავორიტი, იტალია და ურუგვაი, დაამარცხა, ინგლისთან ფრეზე გაიყარა და 7 ქულით, პირველი ადგილი მოიპოვა. ინგლისელებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ფეხბურთში მხოლოდ ცნობილი გვარები წარმატებას ვერ განაპირობებს. ურუგვაიმ კი გადამწყვეტ მატჩში იტალია „დაკბინა" და მეორე ადგილით (6 ქულით) პლეი ოფში გააღწია. იტალია და ინგლისი სახლებში გაემგზავრებიან.
E ჯგუფი:
შვეიცარია 2:1 ეკვადორი
საფრანგეთი 3:0 ჰონდურასი
შვეიცარია 2:5 საფრანგეთი
ჰონდურასი 1:2 ეკვადორი
ეკვადორი 0:0 საფრანგეთი
ჰონდურასი 0:3 შვეიცარია
ეს ერთადერთი ჯგუფია, რომელშიც ყველაფერი წინასწარი პროგნოზისამებრ განვითარდა. საფრანგეთი (7 ქულით) და შვეიცარია (6 ქულით) პლეი ოფში ითამაშებენ, ეკვადორი და ჰონდურასი კი ჯგუფში ჩარჩნენ.
F ჯგუფი:
არგენტინა 2:1 ბოსნია
ირანი 0:0 ნიგერია
არგენტინა 1:0 ირანი
ნიგერია 1:0 ბოსნია
ბოსნია 3:1 ირანი
ნიგერია 2:3 არგენტინა
არგენტინელთაგან ყველა სამივე მატჩის მოგებას ელოდა. სამხრეთამერიკელებმა იმედები არავის გაუცრუეს და ჯგუფიდან 9 ქულითა და პირველი ადგილით გავიდნენ. ბოსნიისგან ყველა წარმატებულ გამოსვლას ელოდა, თუმცა ევროპელებმა მხოლოდ უკანასკნელ მატჩშში შეძლეს გამარჯვების მოპოვება, წინა ორში კი დამარცხდნენ. საბოლოოდ, არგენტინა (9 ქულა) და ნიგერია (4 ქულა) მერვედფინალში ითამაშებენ, ბოსნია და ირანი კი შინისკენ გაემგზავრებიან.
G ჯგუფი:
გერმანია 4:0 პორტუგალია
განა 1:2 აშშ
გერმანია 2:2 განა
აშშ 2:2 პორტუგალია
პორტუგალია 2:1 განა
აშშ 0:1 გერმანია
ყველა ელოდა, რომ G ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გერმანია და პორტუგალია გავიდოდნენ. ბუნდესგუნდმა დამაჯერებლად ჩაატარა ჯგუფური ეტაპი და 7 ქულით პირველი ადგილი მოიპოვა. პორტუგალიელებმა მხოლოდ 4 ქულა მოიპოვეს, მაგრამ ამერიკელებს ბურთების სხვაობით ჩამორჩნენ და ჯგუფში ჩარჩნენ. კრიშტიანუ რონალდუს ინდივიდუალიზმმა ევროპელებს ვერ უშველა. აშშ და გერმანია მერვედფინალში არიან, პორტუგალია და განა კი სახლებისკენ გაემართებიან.
H ჯგუფი:
ბელგია 2:1 ალჟირი
რუსეთი 1:1 სამხრეთ კორეა
ბელგია 1:0 რუსეთი
სამხრეთ კორეა 2:4 ალჟირი
ალჟირი 1:1 რუსეთი
სამხრეთ კორეა 0:1 ბელგია
ბელგიელთა H ჯგუფიდან გასვლას ყველა მოელოდა, მათ კი დამაჯერებლად 9 ქულა მოიპოვეს და ჯგუფი მოიგეს. ყველასათვის მოულოდნელად, საოცარი მატჩები ჩაატარა ალჟირმა და პირველად თავის ისტორიაში მერვედფინალში გავიდა. რუსეთი და სამხრეთ კორეა კი მუნდიალს დაემშვიდობნენ.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ბომბარდირთა დავა ასე გამოიყურება:
1) ლიონელ მესი - 4 გოლი
2) ნეიმარი - 4 გოლი
3) არიენ რობენი - 3 გოლი
4) ქარიმ ბენზემა - 3 გოლი
5) ჯეიმს როდრიგესი - 3 გოლი
6) რობინ ვან პერსი - 3 გოლი
7) ჯერდან შაქირი - 3 გოლი