ჯგუფური ეტაპები დასრულდა და ერთდღიანი პაუზის შემდეგ, დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სტადიონ „მინეირაოზე", სამხრეთამერიკული დუელი გაიმართება. ერთმანეთს ბრაზილია და ჩილე დაუპირისპირდებიან.
ბრაზილიელებმა ჯგუფი (7 ქულით) მოიგეს, ჩილელებმა კი სიურპრიზი შემოგვთავაზეს: მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ჯგუფში ჩატოვეს და 6 ქულით, B ჯგუფში მეორე ადგილი დაიმკვიდრეს.
ტურნირის მასპინძელთა თამაში დღემდე დიდი კრიტიკის ქვეშაა. თავდასხმაში თითქმის ვერაფერს აკეთებენ ფრედი და ჰალკი, მათ სანაქებო დაცვის ხაზში კი საკმაოდ ბევრი თავისუფალი დერეფანი იქმნება, რაც ალვეშისა და მარსელოს გამუდმებით შეტევაში წასვლითაა გამოწვეული. ნახევარდაცვაც დამაჯერებლობით ვერ გამოირჩევა. ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ნეიმარმა და ოსკარმა დატოვეს, რომლებიც ნამდვილად მიუძღვებიან ბრაზილიას და ლიდერებად გვევლინებიან.
ჩილელებმა კარგად ორგანიზებული, ტექნიკური ფეხბურთი წარმოგვიდგინეს, რითაც სრულიად საფეხბურთო სამყაროს სიმპატიები დაიმსახურეს. არტურო ვიდელმა საწყის მატჩში, ტრავმის გამო, ჩავარდნის შემდეგ, უკანასკნელ ორ შეხვედრაში დამაჯერებლად ითამაშა. გამოსარჩევია ალექსის სანჩესი, რომელიც ნებისმიერი მეტოქისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ გარი მედელის დღევანდელ მატჩში თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც საკმაოდ პრობლემატური იქნება ჩილელთათვის.
წინასწარი შემადგენლობები:
ბრაზილია (4-3-3): ჟულიო სეზარი - ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო - ფერნანდინიო, ლუის გუსტავო, ოსკარი - ჰალკი, ფრედი, ნეიმარი.
ჩილე (3-4-1-2): ბრავო - ხარა, მედელი, სილვა - ისლა, არანგისი, დიასი, მენა - ვიდალი - ვარგასი, სანჩესი.
„ჩილე ძალიან საშიში მეტოქეა. ახლა მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ იგი ძლიერი გუნდია, მე კი, ამას მათში მუდამ ვხედავდი. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეტოქეა. რომ შემეძლოს არჩევა, როგორც ჟურნალისტებმა დაგვადანაშაულეს, სხვა მეტოქეს ავირჩევდი", - განაცხადა ბრაზილიელთა თავკაცმა ლუის ფელიპე სკოლარიმ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თამამად ვითამაშოთ. თუკი სიმამაცეს არ გამოვიჩენთ, რასაც მთელი სტადიონი და ქვეყანა ელის, შედეგი ჩვენთვის ცუდი იქნება", - აღნიშნა ჩილეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს ერთმანეთში 74 მატჩი აქვთ ჩატარებული, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგან ერთ კონტინენტზე ასპარეზობენ. აქედან 52-ში გამარჯვება ბრაზილიამ მოიპოვა, 15 ფრედ დამთავრდა, ჩილელებმა კი მხოლოდ 7-ში იმარჯვეს.
საინტერესო ფაქტები:
- ბრაზილია 3-ჯერ დაუპირისპირდა ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში და სამივეჯერ დამაჯერებლად იმარჯვა.
- ედუარდო ვარგასმა უკანასკნელ ორივე ამხანაგურ შეხვედრაში გაუტანა გოლი ბრაზილიელებს.
- ბრაზილიელებს ჩლელთათვის, უკანასკნელი 9 შეხვედრიდან თითოეულში, 2-ზე ნაკრები გოლი არ გაუტანიათ.
- ნეიმარმა მსოფლიო ჩემპიონატის 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ბრაზილიის უკანასკნელ 6 მატჩში - 8 გოლი.
- მუნდიალზე 5-დან 4 გოლი ჩილელებმა პირველ ტაიმში გაიტანეს.
- ჩილელებს არასდროს მოუგიათ ბრაზილიისთვის სტუმრად (6 ფრე და 20 წაგება).
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 3:1