reportiori.ge - საფეხბურთო დრამა - მექსიკა მუნდიალს გამოეთიშა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 21:23
სპორტი
საფეხბურთო დრამა - მექსიკა მუნდიალს გამოეთიშა
30 ივნისი, 2014. 14:07



მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფი ყოველთვის გამოირჩევა დრამატული მატჩებითა და ემოციებით, თუმცა რაც გუშინ, „კასტელაუს“ სტადიონზე გულშემატკივარმა იხილა, ნამდვილად იშვიათია. მექსიკის ნაკრებმა მიმდინარე მუნდიალზე საოცრად შეთამაშებული და ძლიერი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. მათ დამაჯერებლად იასპარეზეს ჯგუფურ ეტაპზე, სადაც ორ მატჩში გამარჯვება და ბრაზილიის ნაკრებთან ფრე მოიპოვეს (შედეგად ჯგუფში ხორვატია ჩატოვეს). პლეი ოფში ბურიტოს მოყვარულებს ვან გაალის ჰოლანდიის ნაკრები დაუპირისპირდა. „ნარინჯისფერ ლომებს“, ტურნირის დაწყებამდე, საკმაოდ ბევრი აკრიტიკებდა, რადგან მათ სათამაშო სტილი და სქემა შეცვალეს, თუმცა როგორც ჩანს, ამან შედეგი გამოიღო. ჰოლანდიელებმა ჯერ იყო და მსოფლიო ჩემპიონი გაანადგურეს, შემდეგ კი ჯგუფი 9 ქულით მოიგეს.

 

ამ შეხვედრაშიც გამოირჩეოდა მექსიკელთა კარის დარაჯი გილიერმო ოჩოა, რომელიც მიმდინარე მუნდიალზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მან გუშინდელ შეხვედრაშიც რამდენიმე „მკვდარი ბურთის“ გამოტანა შეძლო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ოჩოა დასახელდა.

 

შეხვედრა „ლომებისთვის“ უსიამოვნოდ დაიწყო - დე იონგი დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. აღსანიშნავია, რომ დე იონგის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მას, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

 

მექსიკელებმა იმავე სტრატეგიით თამაში განიზრახეს, რომლითაც ბრაზილიასთან ფრეზე გაიყარნენ. ისინი შორიდან ურტყამდნენ მეტოქის კარის მიმართულებით, ბურთისთვის კი შეუპოვრად იბრძოდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს, საჯარიმოში არიენ რობენი თამაშის წესების დარღვევით წააქციეს, თუმცა არბიტრმა პენალტი არ დადო.

 

მეორე ტაიმის დებიუტში, 48-ე წუთზე, ჯოვანი დოს სანტოსმა შორი დისტანციიდან ზუსტი და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. მექსიკელები წინ გაიჭრნენ - 0:1.

 

მატჩის უკანასკნელ მეოთხედში, მექსიკელთა კლასისა და გამოცდილების ნაკლებობამ იჩინა თავი. მიგელ ერერამ საკუთარი მისადგომების დაცვა და ანგარიშის შენარჩუნება განიზრახა, რის გამოც მისი გუნდი ორმაგად დაისაჯა.

 

88-ე წუთზე, ჰოლანდიელთა გამთამაშებელმა სნეიდერმა უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. ჰოლანდიელებმა კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს და ზუსტად 2 წუთში არიენ რობენი კვლავ დაეცა მეტოქის საჯარიმოში. გამეორებაზე კარგად ჩანს, რომ თამაშის წესი მექსიკელებს არ დაურღვევიათ, თუმცა ამჯერად, პედრუ პროენსამ პენალტი დანიშნა, რომელიც ჰუნტელაარმა გოლად აქცია და საკუთარ გუნდს მეოთხედფინალში გაუძღვა.

 

ჰოლანდია  2:1  მექსიკა

 

ჰოლანდია: სილესენი, ვლარი, დე ვრეი, ბლინდი, ვერჰაგი (დეპაი 56’), დე იონგი (ინდი 9’), სნეიდერი, ვეინალდუმი, ვან პერსი (ჰუნტელაარი 76’), რობენი, კიუიტი.

 

მექსიკა: ოჩოა, როდრიგესი, სალსიდო, მარკესი, ლაიუნი, მორენო (რეიესი 46’), გუარდადო, აგილარი, ერერა, დოს სანტოსი (აკინო 61’), პერალტა (ჩიჩარიტო 75’).

 

გოლები: დოს სანტოსი (48’), სნეიდერი (88’), ჰუნტელაარი (90’, პენ).

 

გაფრთხილებები: აგილარი (69’), მარკესი (90’), გუარდადო (90’).

 

მთავარი არბიტრი: პედრუ პროენსა (პორტუგალია)

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016