გორის „დილა" მომავალი სეზონისთვის ემზადება. გორელთა ახალი მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ბრძოლას გვპირდება. ამის შესახებ მან „დილას" ოფიციალურ ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, მისი მიზანი, წელსვე ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება და დიდი მიზნებისთვის ბრძოლაა. მთავარ მწვრთნელს ახალი ფეხბურთელების დიდი იმედი აქვს.
„ჩვენი მიზანი იქნება, წელსვე ჩამოვაყალიბოთ ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც მომავალში დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს. გუნდში რამდენიმე ახალწვეულიც იქნება. შეთანხმება უკვე მიღწეულია კვეკვესკირთან, მოდებაძესთან, ზარქუასთან (ყველა „დინამოდან"), ფალავანდიშვილთან („დინამო 2") და ერისთავთან („გაგრა"). მათ გარდა, კიდევ ორ ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები", - განაცხადა სოსიაშვილმა.
უჩა სოსიაშვილი გორის „დილას" მთავარ მწვრთნელად 18 ივნისს დაინიშნა. უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, იგი „დინამო 2"-ს ედგა სათავეში. „დილაში" მან გია გიგატაძე ჩაანაცვლა.