დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სტადიონ „მანე გარინჩაზე", ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მორიგი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს საფრანგეთისა და ნიგერიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრას ამერიკელი არბიტრი მეტ გეიგერი განსჯის.
საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა და გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდა ეკვადორს. ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების დაბრუნება დღევანდელ შეხვედრაში სავარაუდოა.
„მამლების" შეტევის ხაზში დიდი კონკურენციაა. ბენზემასა და ვალბუენას მხარდამხარ მესამე ფორვარდად დღევანდელი შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში ჟირუს უნდა ველოდოთ.
ნიგერიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებში საკმაოდ დაზარალდა. ჯერ იყო და ობოაბონამ და მოზესმა მიიღეს ტრავმები, შემდეგ კი ბაბატუნდემ.
სავარაუდო შემადგენლობები:
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი - დებუში, კოსელინი, ვარანი, ევრა - კაბაი, პოგბა, მატუიდი - ვალბუენა, ჟირუ, ბენზემა.
ნიგერია (4-2-3-1): ენიამა - ემბროუზი, უობო, ომერუი, ოშანივა - მიკელი, ონაზი - მუსა, ოდემვინგი, უზოენი - ემენიკე.
ტრავმირებულები: სახო - ბაბატუნდე, მოზესი, ობოაბონე.
„ჯგუფურ ეტაპზე თამაშის ხარისხმა მე და ჩემი შტაბი საკმაოდ დაგვაკმაყოფილა. ამაყი ვარ იმით, რასაც ფეხბურთელებმა მიაღწიეს. სხვა მატჩების ყურებისას ვხვდები, რამდენად რთულია მსოფლიო ჩემპიონატი. რამდენიმე დიდი გუნდი უკვე გამოვარდა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ", - განაცხადა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა.
„ფეხბურთელებს საკუთარი ძალების სწამთ და არ სჭირდებათ იმის შეხსენება, რისი გაკეთება შეუძლიათ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი იმავე დონის დისციპლინას უჩვენებს, რომელიც არგენტინასთან მატჩის მეორე ტაიმში წარმოადგინა", - აღნიშნა ნიგერიელთა თავკაცმა სტივენ კეშიმ.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხე, 2009 წლის 2 ივნისს დაუპირისპირდნენ. მაშინ გამარჯვება ნიგერიას ხვდა წილად (0:1).
საინტერესო ფაქტები:
- საფრანგეთის ნაკრები მუნდიალზე პლეი ოფის მოხვედრის შემთხვევაში, პირველ ეტაპს ყოველთვის ლახავდა. თუმცა, 1986 წლიდან მოყოლებული, ასეთი ფაქტი მხოლოდ 3 იყო (1986, 1998, 2006).
- ნიგერიის ნაკრები მერვედფინალს ჯერ არასდროს გასცდენია. 1994 წელს ისინი იტალიასთან დამარცხდნენ, 1998 წელს კი - დანიასთან.
- მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი 11 მატჩიდან, ნიგერიამ მხოლოდ ერთში გაიმარჯვა.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 2:0