დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს გერმანიისა და ალჟირის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩს ბრაზილიელი არბიტრი სანდრო რიჩი განსჯის.
ალჟირელთა მერვედფინალში გასვლა, გარკვეულწილად, დიდი სიურპრიზი არ ყოფილა. ისინი ჯერ იყო და ძალიან სუსტ ჯგუფში მოხვდნენ, შემდეგ კი ბრძოლისუნარიანი ხასიათი გვიჩვენეს და საკმაოდ დამსახურებულად, პლეი ოფში გააღწიეს.
გერმანელებმა ჯგუფში, როგორც მოველოდით, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა, განასთან დაპირისპირებაში აღებული ერთი ქულა იმაზე მეტყველებს, რომ ფინალამდე იოლი გასეირნება არ მოელით. ვერც აშშ-სთან ორთაბრძოლაში იყვნენ ბრწყინვალენი იოახიმ ლიოვის შეგირდები, თუმცა ის ჯგუფური ეტაპი იყო, პლეი ოფში კი მოტივაციაც გაცილებით მაღალია და არც ალჟირი უნდა გამოდგეს გადაულახავ ბარიერად გერმანელთათვის.
სავარაუდო შემადგენლობები:
გერმანია (4-3-3): ნოიერი - ბოატენგი, მერტეზაკერი, ჰუმელსი, ჰიოვედესი - ლამი, შვაინშტაიგერი, კროოსი - იოზილი, მიულერი, გიოტცე.
ალჟირი (4-2-3-1): მბოლი - მანდი, ალიში, ბუგერა, მესბა - მეჟანი, ბენტალები - ფეგული, ბრაიმი, ჯაბუ - სლიმანი.
ტრავმირებული: პოდოლსკი (გერმანია)
„ალჟირთან მარტივი არ იქნება. მე ვუყურე ამ გუნდის მატჩებს და შემიძლია ვთქვა, რომ კომპაქტურ და აგრესიულ ნაკრებთან დაპირისპირება გველის. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“, - განაცხადა გერმანელთა თავკაცმა იოახიმ ლიოვმა.
„ჩვენ პატარა, პატარა ალჟირი ვართ და დიდი გერმანიის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ტურნირზე მეოთხე თამაში გაცილებით რთული იქნება“, - აღნიშნა ალჟირის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩმა.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს ერთმანეთში 2 მატჩი აქვთ ჩატარებული და რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ორივე ალჟირელთა გამარჯვებით დასრულდა.
საინტერესო ფაქტები:
- გერმანიას ალჟირთან ორივე შეხვედრა წაგებული აქვს.
- გერმანელთა ერთ-ერთი ამ წაგებათაგანი, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დაფიქსირდა, თუმცა აფრიკელები მაინც ვერ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რადგან ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაში, გერმანელებმა ავსტრიელებს მინიმალური ანგარიშით სძლიეს, რაც ორივეს ხელს აძლევდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. გოლის გატანიდან, სრული დარჩენილი დრო, გერმანელები ბურთს აგორავებდნენ და არბიტრის სასტვენს ელოდნენ. სწორედ ამ მატჩის შემდეგ, „ფიფამ“ გადაწყვიტა რომ ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შხვედრები ერთდროულად გამართოს.
- გერმანია მუნდიალის უკანასკნელ 3 გათამაშებაში ნახევარფინალში თამაშობდა. მეოთხედ გასვლა, მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი იქნება.
- გერმანიამ მიმდინარე მუნდიალის ყოველ შეხვედრაში, თავად გახსნა ანგარიში.
- ჯგუფურ ეტაპზე გატანილი 6 გოლი ხუთი სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა. მხოლოდ კოლუმბიას ჰყავდა ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი (ექვსი) ბომბარდირი.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 3:0