გუშინ, თბილისის დროით 20:00 საათზე, ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მორიგი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს საფრანგეთი და ნიგერია დაუპირისპირდნენ.
„მამლებს" აფრიკული ბარიერის გადალახვა გაუჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები გამუდმებით უტევდნენ, გოლის გატანას 79-ე წუთამდე ვერ ახერხებდნენ. აღსანიშნავია ნიგერიელთა კარის დარაჯის, ენიეამას ბრწყინვალე თამაში, რომელმაც არაერთხელ იხსნა საკუთარი გუნდის კარი.
თუმცა, 79-ე წუთზე, ენიეამას იშვიათი შეცდომით პოლ პოგბამ ისარგებლა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. არბიტრის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე იობომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 2:0 დააფიქსირა.
შედეგად, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალშია, ნიგერიელები კი შინისკენ გაემგზავრნენ.
საფრანგეთი 2:0 ნიგერია
საფრანგეთი: ლორისი, დებუში, ვარანი, კოსელნი, ევრა, პოგბა, კაბაიე, მატუიდი, ვალბუენა (სისოკო 90+3'), ჟირუ (გრიზმანი 62'), ბენზემა.
ნიგერია: ენიეამა, ემბროუზი, იობო, ოშანივა, ომერუო, ონაზი (გაბრიელი 59'), მიკელი, მუსა, ოდემვინგე, მოზესი (ნუოფორი 89'), ემენიკე.
გოლები: პოგბა (79'), იობო (90+1').
გაფრთხილება: მატუიდი (54')
მთავარი არბიტრი: მარკ გეიგერი (აშშ)