გუშინ, თბილისის დროით 00:00 საათზე, ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს გერმანიისა და ალჟირის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის წინ, ფავორიტებად ყველა გერმანელებს მიიჩნევდა და იოლ გასეირნებას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა „ესტადიო ბეირა რიოზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება იხილა.
ალჟირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ მოხვედრილა მსოფლიო ჩემპიონატზე. ჯგუფიდან მათ გასვლას, ბევრი თავად ჯგუფის სისუსტეს უკავშირებდა, თუმცა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტებთან, გერმანიის ნაკრებთან ამგვარი თამაში საპირისპიროზე მეტყველებს.
საწყისი 20 წუთის განმავლობაში ალჟირელები გაცილებით მეტს უტევდნენ და არაერთი გოლის გატანის შანსიც მიეცათ. აფრიკელებმა გაიტანეს კიდეც, თუმცა არბიტრმა, საკმაოდ სამართლიანად, თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
გერმანელებმა საკუთარი თამაში პირველი ტაიმის მეორე ნახევარში იპოვეს და შეტევებს უმატეს, თუმცა ალჟირელთა პრესინგის დაძლევა მაინც უჭირდათ. არაერთი შანსის მიუხედავად, შეხვედრის ძირითად დროში ანგარიში არ გახსნილა.
სამაგიეროდ, დამატებით დროში გულშემატკივარმა სამი გოლი იხილა. 92-ე წუთზე, მიულერის ფლანგურ შეტევას ანდრე შურლეს გოლი მოჰყვა - 1:0. შეხვედრა პრაქტიკულად სრულდებოდა, რომ 120-ე წუთზე, გერმანელებმა ალჟირელთა დაღლილობით ისარგებლეს და იოზილის გოლით საბოლოოდ გაინაღდეს მეოთხედფინალურ ეტაპზე ადგილის. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. არბიტრის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე, აფრიკელებმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს. თავი შეცვლაზე შემოსულმა ჯაბუმ გამოიჩინა.
შედეგად, გერმანია მეოთხედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება, ალჟირი კი, ნიგერიის კვალდაკვალ, აფრიკაში გაემგზავრება.
გერმანია 2:1 ალჯირი
გერმანია: ნოიერი, ბოატენგი, მერტეზაკერი, მუსტაფა (ხედირა 69'), ჰიოვედესი, შვაინშტაიგერი (კრამერი 110'), ლამი, კროოსი, იოზილი, მიულერი, გიოტცე (შურლე 46').
ალჟირი: მ'ბოლი, ჰალიში (ბუგერა 97'), მანდი, გულამი, ბელკალემი, მუსტეფა, ფეგული, ლასენი, ტაიდერი (ბრაჰიმი 78'), სუდანი (ჯაბუ 100'), სლიმანი.
გოლები: შურლე (92'), იოზილი (120'), ჯაბუ (120').
გაფრთხილებები: ჰალიში, ლამი.
მთავარი არბიტრი: სანდრო მეირა რიკი (ბრაზილია)