დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სტადიონ „კორინთიანსზე", ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი მერვედფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთს არგენტინისა და შვეიცარიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრას გამოცდილი შვედი არბიტრი იონას ერიკსონი განსჯის.
არგენტინის ეროვნული ნაკრები კვლავ რჩება მუდიალის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა და აქტივში 9 ქულა ჩაიწერა. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ არგენტინის ნაკრები კვლავ ვერ თამაშობს გუნდურ ფეხბურთს. ყველაფერი ლიონელ მესიზეა დამოკიდებული, რომელმაც სამივე შეხვედრაში გადამწყვეტი გოლები გაიტანა. რამდენად შეძლებს „ბარსელონას" ფორვარდი გუნდის ფინალამდე გათრევას, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. დღევანდელ შეხვედრაშიც, რა თქმა უნდა, ფავორიტად არგენტინა მიიჩნევა.
შვეიცარიის ეროვნული ნაკრები გაცილებით გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ მათ საფრანგეთთან 5 გოლი გაუშვეს, „მამლების" კარი ორჯერ მაინც აიღეს, ჰონდურასზე და ეკვადორზე კი დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს. გუნდის იმედი მიმდინარე მუნდიალზე ჯერდან შაქირია, რომელმაც ჰონდურასთან დაპირისპირებაში ჰეთთრიქი შეასრულა.
დღევანდელ შეხვედრაში, შვეიცარიელებს მცველი ფონ ბერგენი და გავრანოვიჩი ვერ დაეხმარებიან. არგენტინელთა რიგებში კი, ტრავმირებულ აგუეროს ლავეცი ჩაანაცვლებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
არგენტინა (4-3-3): რომერო - საბალეტა, გარაი, ფერნანდესი, როხო - გაგო, მასკერანო, დი მარია - მესი, ლავეცი, იგუაინი.
შვეიცარია (4-2-3-1): ბენალიო - ლიხტშტაინერი, შერი, ჯურუ, როდრიგესი - ბერამი, ინლერი - ჯაკა, შაქირი, მეჰმედი - დრმიჩი.
„ჩვენ ვიცით, რომ ბალანსი და კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. ნათელია, რომ ტურნირის ამ სტადიაზე შეცდომის დაშვება არ შეიძლება, ჯგუფური ეტაპისგან განსხვავებით, სადაც წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ გამოსწორება შესაძლებელია", - განაცხადა არგენტინელთან თავკაცმა ალეხანდრო საბელიამ.
„შვეიცარია არგენტინასთან მატჩში აუტსაიდერია, მაგრამ დასაკარგი არაფერი გვაქვს, მიღწევა კი ბევრის შეგვიძლია. მესის პერსონალურ აყვანას არ ვაპირებთ. ჩვენს ყველა პოზიციაზე უნდა ვიფიქროთ. უნდა მოვითმინოთ და შეცდომები არ დავუშვათ. ამ შემთხვევაში გამოვთიშავთ მესის თამაშიდან", - აღნიშნა შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოტმარ ჰიტცფელდმა.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს ერთმანეთში 6 მატჩი აქვთ გამართული, საიდანაც 2 ფრედ დასრულდა, 4-ში კი სამხრეთამერიკელებმა იმარჯვეს.
საინტერესო ფაქტები:
- ლიონელ მესის ბრაზილიაში გამართულ 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. მას აქამდე, მუდიალზე 7-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა.
-არგენტინას მერვედფინალურ ეტაპზე 6-ჯერ აქვს ნათამაშები და აქედან მხოლოდ ერთხელ გამოვარდა (1994 წელს რუმინეთთან).
- შვეიცარიას მუნდიალის მერვედფინალში ორჯერ აქვს ნათამაშები და ორჯერვე გამოვარდა (1994 წელს ესპანეთთან, 2006 წელს უკრაინასთან).
- არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაში საშუალოდ ბურთის ფლობა 65,6% ჰქონდა, რაც მიმდინარე მუნდიალზე მაქსიმალური მაჩვენებელია.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 2:1