შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ოტმარ ჰიტცფელდს ნამდვილად ცუდი პერიოდი უდგას. ამ ორი დღის განმავლობაში, სპეციალისტის თავს რამდენიმე უბედურება დატრიალდა. ჯერ იყო და მისი ძმის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, შემდეგ კი არგენტინას ღირსეული ბრძოლა გაუწია, თუმცა პენალტების სერიის დაწყებამდე 2 წუთით ადრე, დასანანი გოლი გაუშვა (0:1) და ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოემშვიდობა.
გერმანელ სპეციალისტს, კომპენსირებულ დროში დამარცხებამ, 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაახსენა, სადაც „მანჩესტერ სიტიმ“ მიუნხენის „ბაიერნს“ გამარჯვება მატჩის ბოლო წუთებში გამოგლიჯა ხელიდან. სამხრეთამერიკელებთან შეხვედრის შემდეგ, 65 წლის სპეციალისტმა გააჟღერა, რომ სამწვრთნელო კარიერას ამით ასრულებს.
„ფეხბურთი ემოციებითაა დატვირთული, ამიტომაც მიყვარს სპორტის ეს სახეობა. შვეიცარიამ თავისი თამაშით დღეს, მსოფლიოში ბევრი ადამიანის გული დაიპყრო და ამით ძალიან ვამაყობთ. ახლა ცხოვრებაში ახალი ეტაპი მიდგას, ტელევიაზიაში ჟურნალისტად სამუშაოდ ვემზადები. სამწვრთნელო საქმე რთულია და ჩემი კარიერით ვამაყობ. კლუბებში და შვეიცარიის ნაკრებში ჩემი მოღვაწეობით კმაყოფილი ვარ. არგენტინასთან მატჩმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამახსენა. მატჩის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ მიუხადავად არგენტინასთან მარცხისა, მათ საკუთარი ქვეყნისთვის ბევრი გააკეთეს“, - განაცხადა ოტმარ ჰიტცფელდმა.
ჰიტცფელდის ტიტულების ჩამონათვალი ნამდვილად დამაჯერებელია. შეგახსენებთ, რომ მას გერმანიის ბუნდესლიგა 7-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი 2-ჯერ გახდა.