საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამდენი გუნდი იქნება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, აღმასკომის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„დღეს დილით მქონდა შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სპორტის მინისტრი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად, სამი დღის განმავლობაში მოიძიებს თანხებს გუნდების დასაფინანსებლად.
ეს თანხები გათვლილი იქნება ჩემპიონატში უფრო მეტი გუნდისთვის, ანუ გუნდების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა 14 იქნება, 16 თუ 18, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა.
ეს გადაწყვეტილება ფინანსების რაოდენობიდან გამომდინარე მიიღება და პარასკევს გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის თქმით, ამ ეტაპზე მოძიებული თანხები გუნდებს სეზონის პირველ ნახევრამდე ეყოფათ, შემდეგ კი თანხების მოძიების ახალი ეტაპი განხორციელდება.
„გუნდებს დავეხმარებით, მოვიძიებთ შესაბამის თანხებს. ეს თანხები გუნდებს ზამთრის პერიოდამდე ეყოფათ, შემდგომი თანხები კი უკვე ამის შემდეგ იქნება მოძიებული.
ეს იქნება ერთგვარი გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სპორტული პრინციპიდან გამომდინარე იქნება მიღებული.
ამ გარდამავალი პერიოდის შემდეგ უკვე ვიმოქმედებთ ფეხბურთის განვითარების პროგრამით, რომელიც სამინისტროს აქვს შემუშავებული", - აღნიშნა ლევან ყიფიანმა.