დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს ბრაზილიისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. სტადიონ „მინეირაოზე" გასამართ შეხვედრას მექსიკელი არბიტრი მარკო როდრიგესი განსჯის.
ტრადიციული მეტოქეები ამჯერად მუნდიალის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე აქტუალური თემა ნეიმარის ტრავმაა, რომლის წყალობითაც, იგი მუნდიალს ნაადრევად გამოეთიშა. „ბარსელონას" ფორვარდმა დაზიანება კოლუმბიასთან მატჩის მიწურულს მიიღო.
ლუის ფილიპე სკოლარის მკაცრი სათამაშო სტილით მოასპარეზე გუნდში ნეიმარი ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ინდივიდუალიზმის გამოვლენისა და თავისუფლად მოქმედების უფლება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელებს მისი ჩანაცვლება საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით შეუძლიათ, ნეიმარის გარეშე გუნდი უდაოდ დასუსტდა. ნეიმარს დღევანდელ მატჩში სავარაუდოდ ვილიანი ჩაანაცვლებს.
კიდევ ერთი დანაკლისი ბრაზილიელებს ტიაგო სილვაა, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს აღნიშნულ შეხვედრას. დიდი ალბათობით, დაცვის ცენტრში დავიდ ლუისის მეწყვილედ დანტე ითამაშებს.
გერმანელებს შემადგენლობის მხრივ პრობლემები არ გააჩნიათ. სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაში თავდამსხმელის პოზიციაზე მიულერი დაბრუნდება, ფლანგზე კი, გიოტზეს ან შურლეს უნდა ველოდოთ.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, დანტე, დავიდ ლუისი, მარსელო - ლუის გუსტავო, ფერნანდინიო - ჰალკი, ოსკარი, ვილიანი - ფრედი.
გერმანია (4-3-3): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰიოვედესი - ხედირა, შვაინშტაიგერი, კროოსი - იოზილი, მიულერი, შურლე.
„რა თქმა უნდა, ნეიმარი ჩვენი ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რადგან მას ნებისმიერი მატჩის შედეგზე შეუძლია გავლენა მოახდინოს, „ბარსელონაშიც" კი, მაგრამ სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ჩვენ გვაქვს საკმარისი პოტენციალი, რომ ჩემპიონები გავხდეთ", - განაცხადა ბრაზილიელთა თავკაცმა ლუის ფილიპე სკოლარიმ.
„ბრაზილია ძლიერი მეტოქეა. ეს ყველამ იცის. ტურნირის დაწყებამდე მათ ფავორიტებად მიიჩნევდნენ და ეს როლი კარგად შეასრულეს ნახევარფინალში გასვლით. ისინი მუნდიალის მასპინძლები არიან, ასე რომ, ბევრ გულშემატკივარს უხარია მათი საყვარელი გუნდის ნახევარფინალში ხილვა", - აღნიშნა გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 20 მატჩი აქვთ ჩატარებული. აქედან 12-ში ბრაზილიამ იმარჯვა, 5 ფრედ დასრულდა, გერმანელებმა კი მხოლოდ 4-ჯერ მოიპოვეს გამარჯვება.
საინტერესო ფაქტები:
- დღევანდელი შეხვედრის თითოეულ გუნდს მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 100 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული, თუმცა ერთმანეთს ფინალში მხოლოდ და მხოლოდ 2002 წელს შეხვდნენ, სადაც ბრაზილიამ იმარჯვა.
- ბრაზილიას საკუთარ ქვეყანაში მარცხი 2002 წლის აგვისტოდან არ განუცდია - 42 შეხვედრა.
- ბრაზილიას ნახევარფინალურ მატჩებში მხოლოდ ერთხელ აქვს მარცხი განცდილი, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, 1938 წელს. ამის შემდეგ, ბრაზილიას ფინალამდე ერთი ნაბიჯი 6-ჯერ აშორებდა და ექვსჯერვე წარმატებით გადალახეს იგი.
- გერმანიის ნაკრები ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს ნახევარფინალურ ეტაპზე - ეს ტურნირზე რეკორდული მაჩვენებელია.
- გერმანიის ნაკრებს ზედიზედ 16 თამაშია მარცხი არ განუცდია.
Reportiori.ge-ს პროგნოზი: 1:2