„ოქროს ბურთის" ოთხგზის მფლობელმა არგენტინელმა ვუნდერკინდმა საკლუბო დონეზე უკვე ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვა, მაგრამ მარადონას მაინც ვერ გაუტოლდა. საფეხბურთო ექსპერტთა და გულშემატკივართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საფეხბურთო ოლიმპზე ფეხის დასადგმელად, ლიონელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სჭირდება.
2014 წლის მუნდიალის დაწყებამდე მესიმ თავად განაცხადა: „მარადონას მაშინ შემადარეთ, როცა მუნდიალს მოვიგებ."
არგენტინის ეროვნული ნაკრები ყველა ტურნირზე ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა მთავარი პრობლემა, მუდამ მათივე სათამაშო სტილი და ლაღი ფეხბურთის დემონსტრირებაა, რაც თანამედროვე ფეხბურთში შედეგიანი ნაკლებადაა. ამაზე სხვა თუ არაფერი, გუშინდელი მატჩიც მეტყველებს. „გერმანულმა მანქანამ“ ბრაზილიელთა ოსტატობას 7:1 სძლია და ფინალში გავიდა. ტურნირის დაწყებამდე საბელია გულშემატკივარს შეპირდა, რომ არგენტინა პირველად ითამაშებდა პრაგმატულ ფეხბურთს, მაგრამ შედეგს მიაღწევდა. რამდენად პრაგმატულია სამხრეთამერიკელთა თამაში თავად განსაჯეთ, თუმცა ერთი რამ ჯერჯერობით ცხადია: არგენტინის ნაკრები მოგებების სერიას აგრძელებს.
მესიმ წელს საკლუბო დონეზე ნამდვილად ვერ გაიბრწყინა. მისმა გუნდმა ყველა შესაძლო ტიტული დათმო, თავად არგენტინელს კი აშკარად ეტყობოდა, რომ მისი ფიქრები მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატისკენ იყო მიმართული. მისი კონკურენტი კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა და „ოქროს ბურთს“ დაეუფლა, სამაგიეროდ პორტუგალიასთან ერთად ჯგუფურ ეტაპზევე გამოეთიშა მუნდიალს და ასპარეზე ლიონელს დაუთმო.
პირადად მე მიმდინარე სეზონში მესის თამაში 1986 წლის არგენტინას მაგონებს. მაშინ მარადონა მიათრევდა მხრებით გუნდს და ტიტულიც მოიპოვა. ახლა არგენტინელთა თითქმის ყველა გოლში „ბარსელონას“ ვუნდერკინდს მიუძღვის ლომის წვლილი. ყოველ მატჩში, თუკი მას გოლი ვერ გაჰქონდა, საგოლე გადაცემას მაინც უკეთებდა თანაგუნდელებს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინის ნაკრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გრანდს ჯერჯერობით არ შეხვედრია. მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობაზე პაიქრობაში ჩასაბმელად, ლიონელ მესის დღეს ჰოლანდიის ნაკრების დამარცხება მოუწევს, შემდეგ კი გერმანელთა გამანადგურებელი მანქანის.
ლიონელ მესი ახლა 27 წლისაა, ოთხი წლის შემდეგ, 31 წლის ასაკში, მისი ჩვეული სიჩქარე და მახვილი თვალი ნამდვილად შენელდება და ნაკლებად სავარაუდოა, ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალს დაეუფლოს. ახლა მისი კარიერა ზენიტშია, თუმცა არის ორი ნიუანსი, რამაც შესაძლოა ლიონელს დასახული მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალოს - დაცვის ხაზი და მეკარე, რომლებიც ნამდვილად არ არიან მსოფლიოში საუკეთესოები და ჯერ რობინ ვან პერსი - რობენის დუეტთან დამკლავება, შემდეგ კი ბუნდესგუნდის გამანადგურებელ შემტევ ხაზთან შერკინება წარმოუდგენლად გაუჭირდებათ.
ყოველ შემთხვევაში, არგენტინელები ყოველ ათწლეულში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ჩუქნიან. მარადონამ შეძლო მარტოს აღემართა თასი თავს ზემოთ, ბატისტუტა განსხვავებული სათამაშო სტილისგან გამომდინარე, ვერ ახერხებდა ყველა კონკურენტის ბარიერის დაძლევას. ვნახოთ, რამდენად შეძლებს ლიონელ მესი საფეხბურთო ოლიმპზე ფეხის მოკიდებას.