reportiori.ge - პეტრე მამრაძე: სააკაშვილს ფსიქოპათიური შეტევები ძალიან ხშირად ემართებოდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:48
ინტერვიუ
პეტრე მამრაძე: სააკაშვილს ფსიქოპათიური შეტევები ძალიან ხშირად ემართებოდა!
ავტორი:
01 სექტემბერი, 2013. 19:22

ალბათ, დადგება ის დროც, როცა შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის დროის ერთ-ერთი მაღალი რანგის გავლენიანი ფიგურა კიდევ ბევრ საინტერესო და მიჩქმალულ ფაქტს გამოამზეურებს საზოგადოების სამსჯავროზე, მანამდე კი, პეტრე მამრაძე „რეპორტიორთან" საუბარში  იმ მოვლენებს აფასებს, რომლიც ზუსტად ხუთი წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს დღეებში განვითარდა...


 - პირდაპირ გეტყვით:  კრემლის ჩეკისტური რეჟიმის მიერ მთლიანად მანიპულირებულმა სააკაშვილმა, თავის თანამზრახველებთან ერთად, სამხედრო პოლიტიკური ავანტიურა განახორციელა, რომელიც საქართველოსთვის კატასტროფით დასრულდა!  აჭარის პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ, სააკაშვილმა ცხინვალის დაბრუნდება გადაწყვიტა. მას ჯერ კიდევ 2004 წლის ზაფხულში ჰქონდა გეგმაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალისმიერი ოპერაციის შედეგად დაბრუნება.  იგი ამბობდა, რომ ცხინვალის დაბრუნება რამდენიმე კვირაში კი არა, რამდენიმე დღეში იყო შესაძლებელი. გახსოვთ, ალბათ, მაშინ დაიწყო პუმანიტარული შტურმი ცხინვალზე, მოხდა სისხლისღვრაც, თუმცა 19 აგვისტოს სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს საჯარისო ნაწილები სამხრეთ ოსეთიდან უპირობოდ გაიყვანა. მაშინ გადავრჩით...  ამის შემდეგ, საააკაშვილს, თითქმის, ყოველ წელს ჰქონდა  მცდელობა  აფხაზეთსა და ცხინვალში შეჭრილიყო.


2006 წლის ივლისში სააკაშვილი ვაშინგტონში თავად ბუშმა დაიბარა. ამერიკის ელჩმა მითხრა, ბუშმა  ისე აუხსნა ყველაფერი,  თუ რა შეიძლება მოჰყვეს სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციას,  წესით, კარგა ხანი აღარ უნდა შეიცვალოს აზრიო, თუმცა,  აშშ -ს პრეზიდენტის დარიგებამ  მხოლოდ რამდენიმე  თვე გასტანა... სააკაშვილი აბსოლუტურად უმართავი პიროვნებაა.  2008 წელს ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები ამბობდნენ, სააკაშვილს  ადრე რომ ვეუბნებოდით, გარკვეული პერიოდი ჰყოფნიდა, ახლა, ორი კვირაც აღარ ყოფნის ჩვენი გაფრთხილება, ისევ იმ ჭკუას უბრუნდებაო...


ლინკონ მიტჩელმა, რომელსაც საკმაოდ კარგად  ვიცნობ, თქვა - სააკაშვილმა აფხაზეთის და ცხინვალის საკითხებზე ვაშინგტონი იმდენჯერ შეაწუხა, სანამ  პასუხად არ მოისმინა ისეთი რამ, რისი ინტერპრეტაციაც შეძლო ისე, როგორც მას უნდოდაო! შეერთებული შტატების წარმომადგენლები, ფარდის მიღმა სააკაშვილს ძალიან მკაცრად ელაპარაკებოდნენ, მაგრამ საჯაროდ ამას არ აფიქსირებდნენ.


- გამოდის, რომ არა საკააშვილის წინდაუხედავი ნაბიჯები, 2008 წლის ომს თავიდან ავიცილებდით?

 

- სააკაშვილი დარწმუნებული იყო იმაში, რომ წარმატებული ბლიც კრიკის ანუ ელვისებური ომის შემთხვევაში, თუ ოპერაცია ცხინვალის რეგიონში  ერთ დღეში დასრულდებოდა და  როკის გვირაბს გადაკეტავდა, ამერიკისა და დასავლეთის ფაქტორის გათვალისწინებით, რუსეთის მთავრობა  ფართო მაშტაბიან აგრესიას ვეღარ გაბედავდა. ვიწრო წრეში ამბობდა, მე ამას გავაკეთებ და მერე რუსებსაც და ამერიკელებსაც მოუწევთ  ახალ რეალობას შეეგუონო. ეს იყო მისი მხრიდან იდიოტური გათვლა!  ამიტომ, იმის თქმა, რომ ყველაფერი რუსეთის მთავრობის ბრალია, აბსურდია. სააკაშვილი რეალობას მოწყვეტილია!  თვითონ ამოთხარა ორმო და შიგ თავად ჩახტა. რვა აგვისტოს პროცესებს მხოლოდ სააკაშვილი მართავდა. დანარჩენები კვერს  უკრავდნენ...  


იცით, რატომ გადადგა სააკაშვილი 2007 წლის ნოემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან? სრულიად მშვიდ ვითარებაში, მას ფსიქოპათიური შეტევა დაემართა და პარლამენტის წინ მოშიმშილეები დაარბევინა, რასაც მოჰყვა ქუჩაში ხალხის მასობრივი გამოსვლა და „იმედის" დარბევა. როგორც მისმა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა მითხრა, რომელიც, სხვათაშორის, დღესაც მის გუნდშია, ეს იყო ერთი ადამიანის ფსიქოპათიური შეტევა, რომელიც მთელი სახელმწიფო აპარატის მოქმედებაში აისახაო. მან ეს კონფიდენციალურ საუბარში განაცხადა და უფლება არ მაქვს, მისი სახელი დაგისახელოთ.


სააკაშვილს ფსიქოპათიური შეტევები ძალიან ხშირად ემართებოდა. აგვისტოს ომის დროს,  გორში,  კუშნერის თვალწინ  რომ გაიქცა, როგორ გგონიათ, რა მოხდა?! სააკაშვილს  ცაში რაღაც მოელანდა და ინგლისურად იყვირა, ჩვენ უნდა გავიქცეთო. კუშნერი, რომელსაც მსოფლიოს ყველა ცხელი წერტილი მოვლილი ჰქონდა, გაოცებით ეკითხებოდა გარშემომყოფებს, სად და რატომ მირბოდა სააკაშვილი. იქედან კუშნერი სტალინის მუზეუმში წავიდა და ერთი საათი ათვალიერებდა, ვინაიდან იმ მომენტში გორში სიმშვიდე იყო. უბრალოდ,  ცაში თვითმფრინავი დაფრინავდა, რომელიც ქართული მხარის იყო თუ რუსულის, დღემდე გაურკვეველია.


- თქვენი ნაამბობიდან გამოდის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ქვეყანას მართავდა ადამიანი, რომელსაც ფსიქიკა მწყობრში არ აქვს?!...

 

- დიახ! ამაზე უცხოელმა ექსპერტებმაც  ბევრჯერ  დაწერეს, რომ  ის არის შეშლილი, თავზეხელაღებული... სააკაშვილს  1992 წლიდან ვიცნობ. იგი არის სუპერ ემოციური ადამიანი, რომელსაც თავის შეკავება არ შეუძლია. მართალია, ფსიქოპათიური შეტევის დროს  არასოდეს მინახავს, თუმცა გადმოცემით ვიცი, რომ როდესაც შეტევა ემართება,  მაგიდებს ატრიალრებს,  დოქს ამტვრევს და ა.შ. ასეთი შეტევები, მას შემდეგ ემართება, რაც პრეზიდენტი გახდა და მის ხელთ ძალაუფლება აღმოჩნდა. როგორც შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა მითხრა, ასეთ დროს ადამიანებს ჰგონიათ, რომ ღმერთები გახდნენ, მაგრამ ცდებიანო. მან ეს ზოგადად თქვა, თუმცა    სააკაშვილს გულისხმობდა.


ძნელია ახსნა სააკაშვილის გიჟური საქციელები, თუ  მას პირადად არ იცნობ. ამ ადამიანმა დაიჯერა, რომ დროულად და სწორად ჩატარებული პიარი  ყველა საკითხს წყვეტს. შეიძლება იყო გახრწნილი, კორუმპირებული, ლაჩარი, მაგრამ პიარით ყველაფერი გადაფარო.  ამას იგი მშვენივრად ახერხებდა. მთავარია სურათი,  სააკაშვილი და მისი თანამზრახველები ხშირად იყენებდნენ სიტყვას - კარტინკა. მთავარია კარტინკა...  

 

- მინდა თქვენს მიერ მოყოლილი ერთი ფაქტი შეგახსენოთ, სადაც სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია ერთ-ერთ სუფრაზე ამბობს - ჟვანია მალე ხელს ვეღარ შეგვიშლისო... დაინტერესდა თუ არა თქვენით პროკურტატურა?

 

- მე მხოლოდ სხვის მიერ მოყოლილი ფაქტი გავიხსენე, რომელიც  მაშინ იმ სუფრაზე იმყოფებოდა. ვფიქრობ, ჩემზე უფრო საინტერესო იქნება, თუ გამოძიება მიხეილ მაჭავარიანის ნაამბობით დაინტერესდება! 


როდესაც მიხეილ მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ მას გოგლა ჟვანიას პოზიცია უკვირს, ვინაიდან მან ყველაფერი იცის,  მიმაჩნია, რომ პროკურატურამ, მოწმის სახით, სწორედ მიხეილ მაჭავარიანი უნდა დაკითხოს! პროკურატურამ მას  უნდა ჰკითხოს, რა იცის გოგლა ჟვანიამ ისეთი, რომ კითხვები აღარ უნდა ჰქონდეს!


- როგორ წარმოგიდგენიათ სააკაშვილის ბედი მომავალში?

 

- მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარ იქნება, საკუთარი გუნდის ნარჩენებშიც ვეღარ შეინარჩუნებს გავლენას და ძალაუფლებას. თეორიულად, შესაძლოა, საზღვარგარეთ ლექციები წაიკითხოს, თუმცა, წესით და რიგით, მან პასუხი უნდა აგოს  ყველა იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინა! ფრიად დასაბუთებული ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს და კიდევ რამდენიმე ადამიანს  ისეთი დანაშაულები აქვთ ჩადენილი,  მათ შორის სამშობლოს ღალატიც - უვადო პატიმრობა არ ასცდებათ! ვაცხადებ, თუ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ,  სააკაშვილს ვირის აბანოში არ მიაბრძანებენ, მთელი ერისთვის ნათელი იქნება, რომ ურმით მოჭრიალე სამართალი დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა! 


მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016