დღეს, 10 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა" და მაკედონიური „ტურნოვო" დაუპირისპირდებიან.
დღევანდელ შეხვედრას იმერლები ფავორიტის სტატუსით შეხვდებიან. ქართველებმა პირველ მატჩში, მაკედონიაში, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. დღევანდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ლაშა ჩიკვაიძე დააკლდება. მან წინა შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო, თუმცა 10-კაციანმა „ჩიხურამ" მეტოქეზე გამარჯვება მაინც შეძლო. ჩვენს მეტოქეს საკადრო პრობლემები არ აწუხებს და საქართველოს დედაქალაქში საბრძოლო შემადგენლობითაა ჩამოსული. სოსო ფრუიძის გუნდს ხელს საკუთარი კედლები და პირველ თამაშში მოპოვებული გამარჯვება უმაგრებს ზურგს.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „ჩიხურასა" და „ტურნოვოს" შორის გასამართი დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი წარმოგიდგენთ.