თბილისის „დინამოს" ფან-შოპი, ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის ტერიტორიაზე, ოფიციალურად გაიხსნა. ეს ქართული კლუბის ნანატრი პირველი მაღაზიაა. იმედი ვიქონიოთ, რომ ახლო მომავალში ქართული ფეხბურთის ფლაგმანს სხვა კლუბებიც მიბაძავენ.
„დინამოს" ლურჯი და თეთრი მაისურების, ქუდების, ბურთების, ვიმპელების, კალმებისა და სხვა ატრიბუტიკის შეძენა ქართველ გულშემატკივარს უკვე შეუძლია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ორიგინალი მაისურების ფასი 55-60 ლარია.
ფან-შოპის გახსნაზე იყვნენ ვეტერანი „დინამოელები", საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და გულშემატკივრები. მაღაზია საზეიმო ვითარებაში გახსნა კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდა მურთაზ ხურცილავამ. ასევე მოეწყო საკლუბო ჟურნალის პრეზენტაცია.
როგორც იცით, 16 ივლისს, „დინამო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს ყაზახეთის „აქტობეს" წინააღმდეგ. შეხვედრის დღეს, „დინამო არენაზე", მოძრავი მაღაზიები იმუშავებს.